მეცნიერებმა კულტივირებული კაკაოს ხეების გენომი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მათი მოშინაურება დაახლოებით 3 600 წლის წინ მოხდა. აღნიშნული შედეგების მეშვეობით შეიძლება უკეთ ვივარაუდოთ, როდის დაიწყო კაცობრიობამ შოკოლადის მოხმარება.

კვლევაში, რომელში მონაწილეობაც 18-მა სხვადასხვა მეცნიერმა მიიღო ახსნილია, რომ კაკაოს ხის მოშინაურებისას ყველაზე დიდი ყურადღება მის არომატულ თვისებებს, დაავადებებისადმი გამძლეობასა და მასტიმულირებელი ნივთიერება თეობრომინის შემცველობას ექცეოდა.

შოკოლადის წარმოებისთვის სულ სამი სახეობის კაკაო გამოიყენება, ესენია კრიოლო, ფორასტერო და ტრინიტარიო.

აღნიშნულ კველვაში მეცნიერებმა კრიოლოს ორასი ინდივიდუალური ხის გენომი შეისწავლეს, რისი საშუალებითაც მისი ევოლუციური ისტორიის აღდგენა შეძლეს. როგორც დადგინდა, კრიოლო პირველად ცენტრალურ ამერიკაში მოიშინაურეს, თუმცა ის პირველად დღევანდელი ეკვადორისა და კოლუმბიის ტერიტორიაზე გაჩნდა. კრიოლო ცენტრალურ ამერიკაში სავარაუდოდ მოვაჭრეებმა შეიტანეს.

"აღნიშნული კვლევა იმაშიც დაგვეხმარება, რომ უკეთ გავიგოთ როგორ გადაადგილდებოდნენ და სახლდებოდნენ ადამიანები ამერიკის კონტინენტზე", – აცხადებს ვაშინგტონის უნივერსიტეტის გენეტიკოსი და კვლევის მთავარი ავტორი ომარ კორნევო.