ბოლო წლებში ჩვენ უკვე მივეჩვიეთ აზრს, რომ უმაღლეს თანამდებობებს საქართველოში იკავებენ ის ადამიანები, ვისაც ამისთვის პირადად ბიძინა ივანიშვილი ირჩევს. გამონაკლისი ამ გაგებით არც პრეზიდენტის თანამდებობაა.

გიორგი მარგველაშვილი არის პრეზიდენტი სწორედ იმიტომ, რომ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა ასე საჭიროდ ჩათვალა. ამჯერად კი ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი პრეზიდენტი უნდა გახდეს სალომე ზურაბიშვილი. ოღონდ, ამ შემთხვევაში პრობლემა გასცდა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობისა და მისი კანდიდატის უსახურობის საკითხებს.

უსახურ პოლიტიკოსებად შეიძლება ჩავთვალოთ გიორგი მარგველაშვილი ან მამუკა ბახტაძე. სალომე ზურაბიშვილი უსახური არ არის. მას გააჩნია "სახე" — მკაფიო პოლიტიკური პლატფორმა, სულ მცირე ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით. ეს პლატფორმა მოიცავს საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრულ დაზიანებას, მიმდინარე ისტორიულ ეტაპზე ამ ინტერესებისთვის და საერთოდაც, საქართველოს ისტორიული ბედისთვის ყველაზე მნიშვნელოვან, გადამწყვეტ საკითხში — საქართველოს ბრძოლაში თავისი სუვერენიტეტისთვის რუსეთის გეოპოლიტიკური ამბიციების წინააღმდეგ.

ამ მიმართულებით სალომე ზურაბიშვილის კარიერა დაიწყო ჯერ კიდევ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე. 2007 წლის 6 აგვისტოს რუსული სამხედრო თვითმფრინავი შემოიჭრა საქართველოში და დაბომბა (თუმცა, წარუმატებლად) შიდა ქართლში სოფელ წითელუბანთან მდებარე ქართული სარადარო სადგური. ეს იყო ზუსტად ერთი წლის შემდეგ მომხდარი მასშტაბური რუსული აგრესიის სერიოზული წინასწარი სიმპტომი. მნიშვნელოვანი იყო უცხო სახელმწიფოების ყურადღების მიქცევა რუსეთის აგრესიული ქმედებებისადმი.

ამის ნაცვლად, ამ ქვეყნის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა "არ გამორიცხა", რომ საქართველომ თავადვე დაბომბა საკუთარი ტერიტორია და რომ ეს იყო ვანო მერაბიშვილის მიერ დადგმული "სპექტაკლი". მან დაამატა, რომ იმ პერიოდში რუსეთს არ აწყობდა ასეთი მოქმედების ჩადენა. ამ "სპექტაკლს" ზურაბიშვილმა უწოდა "ცნობილი და მოძველებული ტექნოლოგიის გამოყენება". ზურაბიშვილის ციტატები გამოიყენა რუსულმა მედიამ. მალევე, ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ თვითმფრინავი, რომელმაც განახორციელა დაბომბვა იყო რუსული, ხოლო საქართველო ამას ტექნიკურად ვერ გააკეთებდა, დაბომბვისას გამოყენებული რაკეტის ტიპიდან გამომდინარე.

2008 წლის ომის პირველ დღეებში, ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ქართული ჯარი ცხინვალის ქუჩებში ებრძოდა შემოჭრილ რუსულ რეგულარულ ჯარს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "აშშ-ს ასევე მოუწევს პასუხისმგებლობის ნაწილის ტარება, რადგან ისინი ძალიან ახლოს იყვნენ საქართველოს ხელმძღვანელობასთან, მაგრამ ასეთ დროს აშკარად არასაკმარისად ახდენდნენ მისი მოქმედებების კოორდინირებას". ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ კონფლიქტის მთავარი მიზანი "არის საქართველოს შემდგომი სტრატეგიული ორიენტაცია, და, შესაბამისად, შესაძლებლობა დასავლეთისთვის — როგორც აშშ-სთვის ისევე ევროკავშირის ქვეყნებისთვის — რათა კვლავაც ჰქონდეთ საქართველოსა და, შესაბამისად, კავკასიის იმედი ნავთობით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მომარაგებისათვის". ამ განცხადებებით ზურაბიშვილმა პირდაპირ მხარი დაუჭრა რუსულ დიპლომატიას და საინფორმაციო ომის მანქანას, რომელთა ძალისხმევა ომის დღეებში ემსახურებოდა, სწორედაც, ომზე პასუხისმგებლობის გადატანას რუსეთისგან საქართველოსა და დასავლეთის მხრებზე.

2008 წლის აგვისტოს ბოლოს ვლადიმირ პუტინმა გამოიყენა ზურაბიშვილის რიტორიკა CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში. პუტინის თქმით: "სრულიად ნეიტრალურმა პიროვნებამ, საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ქალბატონმა ზურაბიშვილმა, რომელიც, მე მგონი, საფრანგეთის მოქალაქეა და ამჟამად პარიზში იმყოფება, საჯაროდ განაცხადა, და ეს ეთერშიც მოხვდა, რომ მანდ იყო აშშ-ის მრჩევლების უზარმაზარი რაოდენობა და რომ მათ, რა თქმა უნდა, ყველაფერი იცოდნენ". იმავე წლის სექტემბერში პუტინმა იგივე გააკეთა, ამჯერად უკვე ფრანგულ გაზეთ ფიგაროსთან ინტერვიუში.

2009 წლის აპრილში ფრანგულ ენაზე გამოიცა ზურაბიშვილის წიგნი "ქართული ტრაგედია 2003-2008" (La tragédie géorgienne 2003-2008). ციტატები ამ წიგნიდან რუსეთმა გამოიყენა თავის სარჩელში 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რომელიც მან საქართველოს წინააღმდეგ შეიტანა გაეროს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში.

ფრანგული ტელევიზია France 24-ის ვებსაიტზე 2009 წელს, ომის წლისთავზე გამოქვეყნებულ სტატიაში მოყვანილია მიხეილ სააკაშვილისა და იმდროინდელი უშიშროების საბჭოს მდივნის, ეკა ტყეშელაშვილის განცხადებები, სადაც ისინი ამბობენ, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ აპირებს ომის განახლებას და რომ საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების განვითარება ემსახურება მხოლოდ თავდაცვით მიზნებს ნატოს სტანდარტების შესაბამისად. ამის შემდეგ, სტატიაში მოყვანილია შემდეგი პასაჟი სალომე ზურაბიშვილის მორიგი განცხადებიდან: "თუ იგი უბიძგებს რუსეთს ინტერვენციისკენ, სააკაშვილს შეეძლება გახდეს მსხვერპლი, მოახდინოს მის უკან ქართველების მობილიზება და გააჩუმოს ოპოზიცია". ამავე დროს, ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსეთს "არა აქვს ომის განახლების რაციონალური ინტერესი".

2009 წლის 2 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში სალომე ზურაბიშვილი წერს: "თუკი მომავალში ჩვენ როდისმე გვსურს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან კავშირების აღდგენა, იმას, ვინც იქნება სააკაშვილის მემკვიდრე, მოუწევს მისი ქმედებების შედეგების გათვალისწინება. ჩვენ მოგვიწევს პატიების თხოვნა ცხინვალზე შეტევისათვის". ამავე სტატიაში ზურაბიშვილი "სამხედრო აგრესიას" უწოდებს ქართულ სამხედრო ოპერაციას, რომელიც სინამდვილეში არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდა, არამედ ასევე დაიწყო მანამდე მომხდარი საქართველოში რუსული ჯარის შემოჭრის შემდეგ. ამით ზურაბიშვილი უდავოდ აკისრებს საქართველოს ომზე პასუხისმგებლობას.

სტატიაში ზურაბიშვილი ასევე ხსნის დღის წესრიგიდან ქართული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხს და ამბობს, რომ "ეს საკითხი უნდა იყოს განხილული გარკვეულ დროს მომავალში". მართალია, რუსული ოკუპაციის დასრულება ამჟამად შეუძლებელია, ზურაბიშვილის ასეთი პოზიცია ხელს უწყობს რუსეთის მიმართ დიპლომატიური წნეხის მოხსნას ოკუპაციის საკითხში, რაც უდავოდ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს.

2014 წლის 3 მარტს კვირის პალიტრის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ინტერვიუ ზურაბიშვილთან, სადაც იგი, მათ შორის, ამბობს შემდეგს: "ვფიქრობ, სააკაშვილის გაჩაღებულ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთს უნდოდა ძალა იქ ეჩვენებინა, სადაც ჯერ კიდევ ადვილად შეეძლო გამარჯვება".

2016 წელს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ოკუპანტის სტატუსი, რომელიც მიენიჭა რუსეთს და სრულიად ასახავს რეალობას, ჩვენ [საქართველოს] ყველა მხრიდან გვბლოკავს".

2017 წლის პირველ აგვისტოს ზურაბიშვილმა საქართველოში გამართულ საერთაშორისო სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორის" შესახებ დაწერა შემდეგი: "რაც არ უნდა იყოს ვერ ვხედავ, რატომ გვიხარია დაძაბულობა, რომ მატულობს ჩვენს ირგვლივ და ოკუპირებულ ტერიტორიების სიახლოვეში... ამერიკული სამხედრო ტეხნიკის გამოჩენა თავისთავად რას ემსახურება და რისი მომტანია ჩემთვის, ნათელი არაა.“

რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავის პერიოდში ზურაბიშვილმა სახიფათო და ტყუილზე აგებული განცხადებების მთელი სერია გააკეთა. 2018 წლის 6 აგვისტოს მან 2008 წლის ომის შესახებ განაცხადა, რომ "საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი საომარი ვითარების". 8 აგვისტოს მან უწოდა ომის დროს ქართული მხარის მოქმედებებს "პროვოკაციაზე აყოლა და შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება". 9 აგვისტოს ზურაბიშვილმა თქვა, რომ "მან [სააკაშვილმა] რუსეთის სამხედრო პროვოკაციებს სამხედრო პასუხი გასცა, რაც რუსეთის მიერ გამოყენებულ იქნა საბაბად საქართველოს წინააღმდეგ ომის დასაწყებად". 24 აგვისტოს ზურაბიშვილმა 2008 წლის ომის შესახებ განაცხადა, რომ "ეს იყო ერთ-ერთი საომარი მოქმედება, რომელიც დაიწყო სააკაშვილმა".

ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის დროს, სტუდენტებთან შეხვედრისას, მათი დაჟინებული კითხვების შედეგად, გერმანიის კანცლერმა დაიწყო სიტყვა "ოკუპაციის" გამოყენება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართ. სალომე ზურაბიშვილის კომენტარი ამ ფაქტთან დაკავშირებით იყო შემდეგი: "არ მესმის ის რაღაცა ბჭობა იმის შესახებ, რა სიტყვები იხმარა [მერკელმა], რა მომენტში, თუ როგორ? იმიტომ რომ ეს არის მუდმივი რუსული მცდელობა, გავარჩიოთ ჩვენი მომხრე ქვეყნები ევროკავშირში, ან ნაკლებად მომხრე, უფრო რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მომხრე. ასე არ შეიძლება ქვეყნების დალაგება".

11 სექტემბერს ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ შეეხო 2008 წლის ომის თემას, როდესაც განაცხადა: "ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ ამ ქვეყნის მთლიანობა გვინდა? მე მინდა მთლიანობა ამ ქვეყნის და არ მინდა, რომ პრეზიდენტმა დაბომბოს თავისი ტერიტორია და ქალაქები."

სალომე ზურაბიშვილის სისტემატური ბრალდებები საქართველოს მიერ 2008 წლის ომის დაწყებასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება ისტორიულ ფაქტებს. რუსეთის რეგულარული ჯარი, რომელსაც არ ჰქონდა სამშვიდობო სტატუსი, შემოიჭრა საქართველოში 7 აგვისტოსთვის, დიდი ხნით ადრე ვიდრე საქართველო დაიწყებდა საკუთარ სამხედრო ოპერაციას ცხინვალის რეგიონში. რუსული ჯარის შემოჭრა წარმოადგენდა აგრესიის აქტს. ეს არ იყო "რუსული პროვოკაცია". ეს იყო რუსეთის სამხედრო თავდასხმა საქართველოზე. საქართველო პროვოკაციას კი არ წამოეგო, არამედ განახორციელა თავისი კანონიერი უფლება თავდაცვაზე, რაც გააკეთა მხოლოდ რუსული ჯარის შემოჭრის შემდეგ.

გარდა იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ისტორიული თვალსაზრისით არის ტყუილი, ეს განცხადებები ასევე პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად ეროვნულ ინტერესებს. ზურაბიშვილის ეს სიტყვები საკმაოდ მავნებლურია დღესაც კი. თუკი იგი საქართველოს პრეზიდენტი გახდება, მათი პოლიტიკური მნიშვნელობა ასმაგად გაიზრდება და ზუსტად იმდენადვე გაიზრდება მათი მავნებლობის ხარისხიც.

ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც 10 წლის მანძილზე თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად საქართველოსვე ადანაშაულებს 2008 წლის ომში. ეს საშინელ ზიანს მიაყენებდა საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს, როგორც კერძოდ 2008 წლის ომთან, ისევე, უფრო ზოგადად, რუსეთ-საქართველოს დღესაც მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით. დასუსტდებოდა ჩვენი დიპლომატიური, იურიდიული, მორალურ-ფსიქოლოგიური პოზიციები. ეს კი დააზიანებდა უამრავ ძალიან მნიშვნელოვან რამეს — დაწყებული ჩვენი უნარით დავიცვათ საქართველოს ინტერესები რუსეთის მუდმივი ზეწოლის წინაშე, დასრულებული ჩვენი სამომავლო შანსებით აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა.

ზოგჯერ ისე ხდება, რომ სხვადასხვა სახელმწიფოთა სტრატეგიული მიზნები ერთმანეთის კატეგორიულად შეუსაბამოა. ასეთ დროს ეს სახელმწიფოები ახორციელებენ დიპლომატიურ, სადაზვერვო, სამხედრო, ეკონომიკურ და სხვა ქმედებებს იმისათვის, რომ შეძლონ საკუთარი ინტერესების გატარება და დაამარცხონ მეორე მხარის მცდელობები გააკეთოს იგივე. სხვადასხვა ადამიანები მონაწილეობენ ამ "თამაშში" ერთ ან მეორე მხარეს.

დღეს რუსეთის და საქართველოს მიზნები ერთმანეთის სრულიად შეუსაბამოა — რუსეთი ცდილობს ხელახლა გააკონტროლოს თავისი ყოფილი კოლონიები, ხოლო ჩვენს გვსურს ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა. ბოლო ათწლეულების ყველა მოვლენა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ასე თუ ისე უკავშირდება ამ ძირითად ულმობელ უთანხმოებას. რუსეთი ცდილობს მიაღწიოს თავის მიზანს. საქართველო — თავისას.

ამ თამაშში მონაწილეობს სალომე ზურაბიშვილიც. ოღონდ, ნაცვლად იმისა, რომ "ითამაშოს" საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ, იგი ამას რუსეთის მხარეს აკეთებს. მისი როგორც პოლიტიკოსის კონკრეტული ქმედებები ობიექტურად არის სასარგებლო რუსეთისთვის და საზიანო საქართველოსთვის. ქართული შიდა, პარტიული პოლიტიკისგან დამოუკიდებლად, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება იქნებოდა მარცხი საქართველოსთვის, როგორც რუსეთთან დაპირისპირებაში ჩართული მხარისთვის.