განახლება: რობერტ დე ნიროსთვის გაგზავნილ ამანათში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩნდა. ინფორმაციას NY Times ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სამართალდამცავი ორგანოს განცხადებით, ამანათის უკან იგივე პიროვნება დგას, ვინც ბომბები ბოლო 1 კვირის განმავლობაში ტრამპის სხვა კრიტიკოსებს გაუგზავნა.

CNN-ის ნიუსრუმის, ჯორჯ სოროსის, ობამებისა და კლინტონების შემდეგ, საეჭვო ამანათი ამერიკელ მსახიობ რობერტ დე ნიროსაც გაუგზავნეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ამანათი ნიუ-იორკში მდებარე რესტორან Tribeca Grill-ში დილით მიიტანეს. დაწესებულება ორი ოსკარის მფლობელ მსახიობს ეკუთვნის.

თუ ის შემოწმების შემდეგ წინა საეჭვო ამანათებს დაემთხვევა, ეს მერვე შემთხვევა იქნება, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ ადამიანს გაუგზავნეს, ვინც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აკრიტიკებს.

რობერტ დე ნირომ ივნისში გამართულ ტონის დაჯილდოებაზე ტრამპი გააკრიტიკა. "მას დაბალი IQ აქვს", - ასე გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი მსახიობის შეფასებას. მოგვიანებით, დე ნირომ ტრამპს "ეროვნული ტრაგედია" უწოდა.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ამანათის მიტანისას რესტორანი ცარიელი იყო.

ამანათები, ასაფეთქებელი ბომბით პირველად მილიარდელმა ბიზნესმენმა ჯორჯ სოროსმა მიიღო. ის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი უდიდესი დონორია.