სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ პროკურატურამ ის დაზარალებულად არ სცნო. 10 ოქტომბერს გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, თემურ მანველიშვილმა მაქარაშვილს თავზე ნაგვიანი ვედრო დაამხო.

"საქართველოს პროკურატურამ არ მცნო დაზარალებულად! ახალგაზრდა ბიჭი ხარ და აიტან, ეგ არაფერიო. საქართველოს პროკურატურამ ვერ მიაგნო ნაგვის თავზე დაყრაში შეურაცხყოფის კვალს და უარი თქვა გორელი ჩინოვნიკის მკაცრ ან საერთოდ დასჯაზე!" - წერს მაქარაშვილი.

მაქარაშვილის საქმეზე საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

როგორც პროკურატურამ On.ge-ს განუმარტა, მაქარაშვილმა და მისმა ადვოკატმა ითხოვეს, რომ საქმეზე კვალიფიკაცია შეცვლილიყო 144-ე მუხლის მე-3 პრიმა მუხლით, რომელიც მოიცავს პირის დამცირებას, ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.

უწყების განმარტებით, შეესაბამება თუ არა კანონის მიხედვით, გიგა მაქარაშვილის მდგომარეობა მისი დაზარალებულად ცნობის მოთხოვნას, დადგინდება საქმეზე დანიშნული ფსიქოლოგიური ექსპერტიზით, რომლის პასუხიც გამოძიებას ჯერ არ მიუღია.

"შესაბამისად, მაქარაშვილის დაზარალებულად ცნობას სჭირდება საფუძველი, ამ შემთხვევაში სწორედ ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ გადაწყდება, იქნება თუ არა მაქარაშვილი ცნობილი დაზარალებულად", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.