"ჩვენ უკმაყოფილო ვართ მენეჯმენტის სტანდარტით რეგიონულ მმართველობებში", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სამთავრობო ცვლილებების შესახებ დასმულ კითხვას.

მისი თქმით, მთავრობის კაბინეტი ახალი დამტკიცებულია, თუმცა მთავრობის თითოეული წევრი "საკმაოდ ღირსეულად უმკლავდება იმ გამოწვევებს და ამავე დროს, იმ საკმაოდ ამბიციურ რეფორმათა გეგმას, რომელიც მე წარვადგინე პარლამენტში".

მამუკა ბახტაძის თქმით, სწორედ ამ მიზეზების გამო სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

"თუმცა, როგორც განვაცხადე, ჩვენ ვართ უკმაყოფილო გარკვეული მიმართულებებით მენეჯმენტის იმ სტანდარტის, რომლსაც ჰქონდა ადგილი გარკვეულ მუნიციპალიტეტებში, მათ შორის რეგიონულ მმართველობაში. იცით, რომ გვყავს ახალი გუბერნატორები, ძალიან აქტიურად მუშაობენ და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვგეგმავთ, რათა ზოგადად ეს სისტემა იყოს უფრო ეფექტური და, რაც მთავარია, გადაწყვეტილების მიღება რაც შეიძლება მოკლე ვადაში აისახოს თითოეულ მოქალაქეზე", - განაცხადა ბახტაძემ.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მამუკა ბახტაძე პასუხობს:

"მე ასე გიპასუხებდით – ვისურვებდი, მაიას მსგავსი სახელმწიფო მოხელეები რაც შეიძლება ბევრი გვყავდეს საქართველოს მთავრობაში", - განაცხადა ბახტაძემ.