პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს მიაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად ანგაჟირებულ განცხადებებს აკეთებენ. მისივე თქმით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია.

"ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სამოქალაქო სექტორთან. როგორ ფიქრობთ, ჩვენ არ ვართ დაინტერესებული იმაში, რომ მივიღოთ კონკრეტული რეკომენდაციები ამა თუ იმ რეფორმაზე? მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ განცხადებებს", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის სხდომის დაწყების წინ ბახტაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებზე მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებებზეც ისაუბრა:

"პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოხატა ის უმთავრესი პრიორიტეტი, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს. ჩვენ გვჭირდება ინსტიტუტების კიდევ უფრო მეტი გაძლიერება, ამავე დროს ჩვენ რა ვხედავთ? როდესაც ქართული ოცნების მიდგომაა, რომ მოხდეს ქართული პოლიტიკის დეპერსონიფიცირება და გადართვა იმ რეჟიმზე როგორ გავაძლიეროთ ინსტიტუტები, ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ექაჩებიან უკან და ადგილი ჰქონდეს მხოლოდ პერონიფიცირებულ პოლიტიკას".

23 ოქტომბრის ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური აქტივისტები არიან. ბიძინა ივანიშვილის აზრით, ირაკლი კობახიძემ ადეკვატური განცხადება გააკეთა, როცა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პოლიტიკურ პარტიად მოიხსენია.

არასამთავრობოებს მიაჩნია, რომ ხელისუფლების თავდასხმები სამოქალაქო სექტორის მიმართ წარმოებული კამპანიის ნაწილია და ხელისუფლებას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ თავდასხმებისგან.