მარტინ სკორსეზე და ლეონარდო დიკაპრიო კიდევ ერთხელ აპირებენ დაუმტკიცონ კინოსამყაროს, რა შედეგები მოაქვს მათ თანამშრომლობას.

რეჟისორი მსახიობს ახალ ფილმში Killers Of The Flower Moon გადაიღებს, რომელიც ამავე სახელწოდების ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული კრიმინალური რომანის ეკრანიზაცია იქნება.

სიუჟეტი 1920-იან წლებში ვითარდება, როდესაც ოსეჯის ინდიელთა ტომი საკუთარ ტერიტორიაზე ნავთობს აღმოაჩენს და მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები გახდებიან, თუმცა ისინი ნელ-ნელა მისტიურ ვითარებაში უჩინარდებიან. საბოლოო ჯამში ნავთობის აღმოჩენა და მათი გაუჩინარება შეთქმულებად გარდაიქმნა, რომელიც მდიდარ მიწის მესაკუთრეებსა და ნავთობის მომპოვებლებს შორის წარმოიშვა.

ფილმის გადაღებები 2019 წლის ზაფხულში დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ სკორსეზე და ლეონარდო დიკაპრიო კიდევ ერთ პროექტზე მუშაობენ, სახელად ეშმაკი თეთრ ქალაქში.

ფილმი ერიკ ლარსონის წიგნის ადაპტაცია იქნება.

ისტორია 1893 წელს ვითარდება და ორი მამაკაცის, დენიელ ბარნჰემისა და დოქტორ ეიჩ ჰოლმსის ამბავს გვიყვება. დენიელ ბერნჰემი ცნობილი ამერიკელი არქიტექტორია, ეიჩ ჰოლმსი კი - სერიული მკვლელი, რომელიც სპეციალურად აგებულ "მკვლელობის სასახლეში" ადამიანებს ანაწევრებს და სხეულის ნაწილებს სამედიცინო ინსტიტუტებზე ყიდის. ჯერჯერობით უცნობია, რომელ როლს შეასრულებს ლეონარდო.

მესამე პროექტი, რომელსაც სკორსეზე დიკაპრიოს მონაწილეობით გადაიღებს, თეოდორ რუზველტზე გადაღებული ბიოგრაფიული დრამა იქნება.

ფილმს Paramount გადაიღებს, სცენარს კი სკოტ ბლუმი დაწერს.

თეოდორ რუზველტი 1901 წელს აშშ-ს 26-ე პრეზიდენტი გახდა, რომელიც ხშირად ნაკრძალების, ეროვნული პარკებისა და ტყეების დაცვის ინიციატივით ხშირად გამოდიოდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ მას ეკუთვნის გამოთქმა დიდი კეტის პოლიტიკა და მსოფლიო პოლიციელი. როგორც ბუნების მკვლევარი იგი ხელს უწყობდა კონსერვაციის მოძრაობას. რუზველტს დიდი წვლილი მიუძღვის პანამის არხის დასრულებაში. ამავდროულად იგი რუსეთ-იაპონიის ომის დასრულებისთვის მოლაპარაკებებს მართავდა, რისთვისაც, 1906 წელს, ნობელის მშვიდობის პრემია დაიმსახურა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსახიობს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს. გარდა იმისა, რომ ის ამჟამად კვენტინ ტარანტინოს ფილმის გადაღებებით არის დაკავებული, ცოტა ხნის წინ ის Paramount Pictures-მა უოლტერ ისააკსონის წიგნის ეკრანიზაციაში ლეონარდო და ვინჩის როლზე დაამტკიცა.

რაც შეეხება დიკაპრიოს სხვა პროექტებს, სულ მალე ოსკაროსანი მსახიობი National Geographic-თან ერთად ამერიკის ასტრონავტიკის ისტორიაზე სერიალის პროდიუსერი იქნება.

ლეონარდოს მონაწილეობით კიდევ ერთ ფილმს ვიხილავთ 2022 წლისთვის. ფილმი, შავი ხელი, რომელიც სტეფან ტოლთის წიგნის ეკრანიზაციაა და ის ამერიკული მაფიის შესახებ გვიყვება, რომელსაც იტალიელ შერლოკ ჰოლმსად შერაცხული პოლიციელი ჯოი პეტროსინი ებრძვის.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, დიკაპრიოს კიდევ ერთი პროექტი აქვს, რომელშიც 50-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პროდიუსერს, სემ ფილიპსს განასახიერებს.