პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე თბილისში, გოგებაშვილისა და გუნიას ქუჩებს შორის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის განახლებას აპროტესტებს. On.ge-სთან საუბარში ის ამბობს, რომ ჭოველიძის ქუჩის ბოლოს, მთის ფერდთან, დღევანდელი გენგეგმით ლანდშაპტურ-სარეკრეაციო ზონაა, ახალი გეგნგეგმით კი, რომელიც იანვარში ამოქმედდება, სატყეო ზონა იქნება. მისი თქმით, ორივე გენგეგმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა დაუშვებელია.

ფერაძე აცხადებს, რომ ადგილზე გეოლოგიურად არამდგრადი ქანებია, მეწყერსაშიში ზონაა და მშენებელმა გეოლოგიურად რომც გაამაგროს, ეს დაუშვებელია ქალაქგეგმარებით:

"ფიზიკურად მიწევს შეჩერება. საჩივარს შევიტანთ მერიის იურიდიულ სამსახურში და მივმართავ სასამართლოსაც".

გოგებაშვილისა და გუნიას ქუჩებს შორის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა, 5 წლის ვადით, 2014 წლის 2 თებერვალს, გიგი უგულავას მერობის დროს გაიცა. საცხოვრებელ კომპლექსს შპს ნირან პროპერტის დეველოპმენტი აშენებს. ნატა ფერაძის ცნობით, აქამდე მშენებლობა შეჩერებული იყო და წელს ამჟამინდელმა მერმა კახა კალაძემ განუახლა ნებართვა.

2012 წელს ამავე კომპანიაზე გაიცა ნებართვა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების შესახებ. ამავე წელს შეეცვალა ტერიტორიას ფუნქციური ზონა — ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა გადაკეთდა საცხოვრებელი ზონა 3-ით. ნებართვაში ნათქვამია რომ მშენებლობა 2019 წლის 14 თებერვალს უნდა დასრულდეს.

"ზედამხედველობის სამსახური ერთი თვის წინ გამოვიძახეთ, როცა პირველად განახლდა მშენებლობა. გააჩერეს, რადგან საბუთები აკლდაო თქვეს. ახლა, გვეუბნებიან, რომ ყველა საბუთი წარადგინეს", — ამბობს ნატა ფერაძე.

თბილისის მერიაში On.ge-ს განუმარტეს, რომ აღნიშნული მშენებლობა ზედამხედველობამ შეაჩერა გარკვეული პერიოდით, მაგრამ, მათივე თქმით, ვინაიდან მშენებელმა წარმოადგინა ყველა საბუთი, უფლება არ ჰქონდა მერიას ისევ შეეჩერებინა ისინი. მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე უწყება დამატებით სწავლობს საკითხს.

საპროექტო ტერიტორიის მიწის ნაკვეთის ფართობი 5 938მ2-ია. პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ რელიეფის სირთულის გამო შენობა ქალაქის მხრიდან 6-სართულიანია, ხოლო, მთის მხრიდან 5-სართულიანი. შენობის ფართი მთლიანად დათმობილი აქვს საცხოვრებელ ნაწილს.