ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა ადამიანის განავლის ნიმუშების ანალიზის შედეგად მასში დიდი რაოდენობით პლასტმასის ნაწილაკები აღმოაჩინეს.

რამდენიმე დღის წინ ევროპის გაერთიანებულ გასტროენტეროლოგიურ კონფერენციაზე მეცნიერებმა წარმოადგინეს კვლევა, რომელშიც ნათქვამია, რომ განავლის თითოეულ ათგრამიან ნიმუშში მათ პლასტმასის დაახლოებით ოცი ნაწილაკი აღმოაჩინეს.

ნიმუშებში პლასტმასის ნაწილაკების აღმოჩენა მიუთითებს, რომ ის წყაროები, რომლიდანაც ჩვენ საკვებს ვიღებთ, პლასტმასითაა დაბინძურებული. მიკროპლასტმასად ითვლება აღნიშნული ნივთიერების ყველა ნაწილაკი, რომელიც ხუთ მილიმეტრზე პატარაა.

არსებობს განსხვავებული ზომის მიკროპლასტმასები და მათ სხვადასხვა დანიშნულება აქვთ. მისი ერთ-ერთი სახეობა სახის მოვლის პროდუქტებში გამოიყენება, აღნიშნული პლასტმასის სფეროები ძალიან პატარა ზომისაა, რის გამოც მათი წყლიდან გაფილტვრა ვერ ხერხდება. გარდა სახის მოვლის საშუალებებისა მიკროპლასტმსები გვხვდება კბილის პასტებსა და სააბაზანო გელებშიც. ქვეყნების ნაწილი მსგავსი ტიპის მიკროპლასტმასების შემცველი პროდუქციის აკრძალვას გეგმავს, რამდენიმე ქვეყანაში კი ის უკვე აკრძალულია.

ცხადია, რომ დედამიწის დაბინძურება კრიტიკულ ნიშნულს აღწევს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ კვლევაში დაფიქსირებული პლასტმასის ნაწილაკები შეიძლება განავალში მისი შემოწმებისას მოხვდა, რადგან მსგავსი პლასტმასი სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვილობაში ხშირად გამოიყენება.

გავრცელებულ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ კვლევაში რვა სხვადასხვა ქვეყანა მონაწილეობდა, როდესაც სინამდვილეში, კვლევაში უბრალოდ რვა მოხალისე იყო ჩართული. ეს კი რაიმე დასკვნის გასაკეთებლად ძალიან პატარა ციფრია.

ეს კონკრეტული კვლევა შეიძლება საკმარისად დამაჯერებელი არ იყოს, თუმცა აღნიშნული საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დაბინძურებულ ჰაერში არსებული მურის ნაწილაკები ორსული ქალების საშვილოსნოშიც აღწევს.