CNN-ის ნიუ-იორკის ოფისში ევაკუაცია გამოცხადდა. მაშინ, როდესაც რეპორტიორები პირდაპირ ეთერში, ობამებისა და კლინტონების ფოსტით, ასაფეთქებელი მოწყობილობის გაგზავნის თემას აშუქებდნენ, ტელეკომპანიის ოფისში, საფოსტო ოთახში მსგავსი მოწყობილობა იპოვეს.

CNN-ის რეპორტიორი, ენდრიუ კაჟინსკი ტვიტერის გვერდზე წერს, რომ ტელეკომპანიის ირგვლივ ყველა შენობა დახურულია.

რეპორტიორის ცნობით, მოწყობილობა უსაფრთხოების სკანერმა დააფიქსირა, რომ იგი მეტალის იყო და კაბელები ჰქონდა.

ცოტა ხნის წინ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ბარაქ ობამასა და 2016 წელს დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის მისამართებზე გასაგზავნად გამზადებული ორი საეჭვო შეკვრა აღმოაჩინეს. სპეციალური სამსახურის ცნობით, ამანათში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული.

რამდენიმე დღის წინ, მილიარდელ ჯორჯ სოროსის სახლთანაც ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. Fox News-ის ცნობით, საეჭვო ნივთი საფოსტო ყუთში იპოვეს.