ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლოს სამსახურმა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ბარაქ ობამასა და 2016 წელს დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის მისამართებზე გასაგზავნად გამზადებული ორი საეჭვო შეკვრა აღმოაჩინა. სპეციალური სამსახურის ცნობით, ამანათში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაცია CNN-მა გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, არც ობამას და არც კლინტონს არ მიუღიათ ეს შეკვრები, თუმცა ამის საშიშროება არსებობდა.

საეჭვო შეკვრები უსაფრთხოების სამსახურმა მაშინ დააფიქსირა, როცა საფოსტო გზავნილის შემოწმების პროცედურაზე შეკვრაში არსებული ნივთი პოტენციურად ფეთქებადად მიიჩნიეს.

რამდენიმე დღის წინ, მილიარდელ ჯორჯ სოროსის სახლთანაც ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. Fox News-ის ცნობით, საეჭვო ნივთი საფოსტო ყუთში იპოვეს.