ლერა ბოროდიტსკი კოგნიტური მეცნიერებების პროფესორი და ლინგვისტური რელატივიზმის თეორიის ერთ-ერთი თანაავტორია. TED-ის გამოსვლაში მას რამდენიმე მაგალითი მოჰყავს - ავსტრალიელი აბორიგენების ენა, რომელიც "მარცხნივ" და "მარჯვნივ" სიტყვების ნაცვლად, მიმართულებების აღსანიშნავად ჰორიზონტის მხარეებს (ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი) იყენებს და რუსული ენა, რომელიც, ინგლისურისგან განსხვავებით, ცისფერსა და ლურჯს ერთმანეთისგან განარჩევს - აქედან გამომდინარე ჩვენს კითხვაზე პასუხი, თითქოს, ცალსახაა - კი, ენა მართლაც აყალიბებს ჩვენს აზროვნებას.

"ლინგვისტური მრავალფეროვნების სილამაზე იმაში მდგომარეობს, რომ ის გვიჩვენებს, თუ რამდენად მოქნილი და შემოქმედებითია ადამიანის გონება. მან შექმნა არა ერთი, არამედ 7000 კოგნიტური სამყარო", - ამბობს ლერა ბოროდიტსკი.

ლაპარაკი ადამიანების ერთ-ერთ ჯადოსნურ უნართაგანია - ჩვენ შეგვიძლია საკმაოდ რთული და კოპლექსური აზრები გავცვალოთ. როცა ვლაპარაკობთ, პირით გამოვცემთ ხმებს - შიშინა, სისინა ბგერებს, რომლებიც ჰაერში რხევით მოძრაობებს ქმნიან. ეს რხევა ვრცელდება და ყურის დაფის აპკს ეჯახება, რის შემდეგაც ჩვენი ტვინი ამ რხევებს ფიქრებად გარდაქმნის. მოკლედ, ამ უნარის მეშვეობით ჩვენ, ადამიანებს, შეგვიძლია ჩვენი იდეები დროსა და სივრცეში გადავცეთ. ჩვენ გვაქვს უნარი, ცოდნა ერთმანეთის გონებაში მოვათავსოთ. მაგალითად, მე ახლავე შემიძლია ერთი უცნაური იდეა თქვენს გონებაში მოვათავსო - "წარმოიდგინეთ მედუზა, რომელიც ბიბლიოთეკაში ვალსს ცეკვავს და თან კვანტურ მექანიკაზე ფიქრობს”. თუკი თქვენს ცხოვრებაში აქამდე ყველაფერი მეტ-ნაკლებად რიგზე იყო, მაშინ, ალბათ, ასეთი აზრი თავში ჯერ არ მოგსვლიათ, თუმცა, ენის გამოყენებით, მე ახლახანს გაიძულეთ, ამაზე გეფიქრათ.

რაღა თქმა უნდა, მსოფლიოში არა ერთი, არამედ 7000-მდე ენა არსებობს და თითოეული ენა თავისებურად განსხვავებულია: ზოგ ენას განსხვავებული ჟღერადობა აქვს, ზოგს განსხვავებული სიტყვების მარაგი, ხოლო ზოგს მნიშვნელოვნად განსხვავებული სტრუქტურა. ეს კი აჩენს კითხვას: აყალიბებს თუ არა ენა ჩვენს აზროვნებას? ეს უძველესი კითხვაა. ადამიანები ამ საკითხზე უხსოვარი დროიდან იმტვრევდნენ თავს.

კარლოს დიდს, საღვთო რომის იმპერატორს ეკუთნის ფრაზა "ფლობდე მეორე ენას, ნიშნავს ფლობდე მეორე სულს" - ეს საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია იმის შესახებ, რომ ენა ქმნის ჩვენს რეალობას. თუმცა, მეორე მხრივ, შექსპირი ჯულიეტას ათქმევინებს "რა გახდა ეს სახელები? ვარდი, ნებისმიერ სხვა სახელად წოდებულიც, იმავე ტკბილ სურნელს აფრქვევს მაინც", - ეს უფრო იმას გვკარნახობს, რომ ენას რეალობის გამოძერწვაში ხელი არ ურევია.

რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში ამ არგუმენტებს წაღმა-უკუღმა ვატრიალებდით, თუმცა ამ დრომდე არ არსებობდა უტყუარი მონაცემები, რომლებიც რომელიმე მხარეს გაგვაკეთებინებდა არჩევანს. უახლოეს წარსულში მსოფლიოს არაერთ (და მათ შორის ჩემს) ლაბორატორიაში დაიწყო ამ საკითხის კვლევა და ახლა უკვე რეალური მეცნიერული მონაცემებებით შეიარაღებულებმა შეგვიძლია გადავჭრათ ეს საკითხი.

დიდი სხვაობაა ადამიანების მიერ დროის აღქმაში. თქვენ წინაშეა ბაბუაჩემის სურათები, რომლებიც სხვადასხვა ასაკშია გადაღებული. თუკი ინგლისურენოვან ადამიანს მათ დალაგებას ვთხოვ, ის მათ მარცხნიდან მარჯვნივ დაალაგებს - ეს წერის მიმართულებასთანაა კავშირში. თქვენ რომ არაბულად ან ებრაულად ლაპარაკობდეთ, შესაძლოა, პირიქით - მარჯვნიდან მარცხნივ დაგელაგებინათ.

მოდი, ჩემს რამდენიმე საყვარელ მაგალითს მოგიყვანთ. პირველი მაგალითი ავსტრალიერ აბორიგენებს, კერძოდ თაიორეს (Kuuk Thaayorre) ხალხს ეხება, რომელთან მუშაობის შესაძლებლობაც მქონდა. ისინი პორმპურაოში, კეიპ-იორკის დასავლეთით ცხოვრობენ. ამ ხალხის ენაში საინტერესო ის არის, რომ ისინი არ იყენებენ "მარცხნივს" და "მარჯვნივს". ამის მაგივრად ყველაფერი ჰორიზონტის მხარეებით აღიწერება: ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი. და როცა ვამბობ, რომ ყველაფერი ასე აღიწერება, მართლა ყველაფერს ვგულისხმობ. მაგალითად ჩვეულებრივი ფრაზაა "უი, სამხრეთ-დასავლეთ ფეხზე ჭიანჭველა გაზის!" ან "შეგიძლია ჭიქა ოდნავ ჩრდილო-აღმოსავლეთით გაწიო?". მეტსაც გეტყვით, როდესაც ვინმესთვის "გამარჯობის" თქმა გინდათ, თქვენ უნდა კითხოთ "საით გაგიწევია?" და ისინი გიპასუხებენ "შორს ჩრდილოეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით. შენ?"

ჰოდა, წარმოიდგინეთ, რომ დღის განმავლობაში ყველა ადამიანს, რომელიც შეგხვდებათ, თქვენი მოძრაობის მიმართულება უნდა მოახსენოთ. ეს ორიენტაციას საკმაოდ მალე გაგივითარებდათ, არა? სხვა შემთხვევაში გამარჯობასაც ვერ გასცდებოდით. და მართლაც, იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთ ენებზე ლაპარაკობენ, ძალიან კარგი ორიენტაციის უნარი აქვთ. იმაზე ბევრად უკეთესი, ვიდრე საერთოდ წარმოგვედგინა, რომ ადამიანებს შეიძლებოდა ჰქონოდათ. აქამდე გვეგონა, რომ ადამიანები, წმინდად ბიოლოგიურად, ამ ნიშნით ბევრად ჩამოუვარდებოდნენ სხვა ცხოველებს: "დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ნისკარტში ან მოთავსებული მაგნიტები" - არაფერიც. თუკი შენი ენა და შენი კულტურა მოგთხოვს, მაშინ აუცილებლად შეძლებ ამას. მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალიან, ძალიან კარგად ორიენტირდებიან.

ასევე დიდია სხვაობაა ადამიანების მიერ დროის აღქმაში. თქვენ წინაშეა ბაბუაჩემის სურათები, რომლებიც სხვადასხვა ასაკშია გადაღებული. თუკი ინგლისურენოვან ადამიანს მათ დალაგებას ვთხოვ, ის მათ აი ასე, მარცხნიდან მარჯვნივ დაალაგებს - ეს წერის მიმართულებასთანაა კავშირში. თქვენ რომ არაბულად ან ებრაულად ლაპარაკობდეთ, შესაძლოა, პირიქით - მარჯვნიდან მარცხნივ დაგელაგებინათ.

მაგრამ როგორ დაალაგებდა ამ სურათებს თაიორეს ხალხი, რომელზეც ახალხანს გელაპარაკეთ? ისინი ხომ არ იყენებენ სიტყვებს "მარჯვნივ" და "მარცხნივ". მოდი, მინიშნებას მოგცემთ. როდესაც ისინი სახით სამხრეთით დავსვით, ისინი დროის დინებას მარცხნიდან - მარჯვნივ აღიქვამდნენ. როდესაც სახით ჩრდილოეთისკენ დავსვით - მარჯვნიდან - მარცხნივ. როდესაც სახით აღმოსავლეთით დავსვით, მათი წარმოდგენით, დრო მათი სხეულისკენ მოდიოდა. რა კანონზომიერებას ხედავთ? აღმოსავლეთიდან დასავლეთით, ჰო? ამგვარად, მათთვის დრო მიბმულია არა სხეულზე, არამედ ლანდშაფტზე. ჩვენთვის კი დრო ჩვენი სხეულის განლაგებაზეა დამოკიდებული. საკმაოდ ეგოცენტრული გადაწყვეტილებაა, ვაიძულო დროის დინებას, მე დამყვებოდეს ყოველ ჯერზე, როცა მოვტრიალდები. თაიორეს ხალხისთვის დრო ლანდშაფტზეა მიბმული და ესაა ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულება დროზე.

"მზე" გერმანული ენისთვის მდედრობითია, მაგრამ მამრობითია ესპანურისთვის, ხოლო "მთვარე" კი პირიქითაა. შეიძლება თუ არა ამას გავლენა ჰქონდეს იმაზე, თუ როგორ აზროვნებს ეს ხალხი? აღიქვამენ თუ არა გერმანელები მზეს, როგორც უფრო ქალურს და მთვარეს, როგორც უფრო მამაკაცურს?

კიდევ ერთი, ძალიან ჭკვიანური ადამიანური ხრიკი: დავუშვათ, გეკითხებით რამდენ პინგვინს ხედავთ. ზუსტად ვიცი, როგორც მიუდგებოდით ამ ამოცანის ამოხსნას - თქვენ დაითვლიდით - "ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა". თითოეულ პინგვინს რიცხვით აღნიშნავდით და ბოლო რიცხვი, რომელსაც იტყოდით, იქნებოდა პინგვინების ჯამური რაოდენობა. ეს ხრიკი თქვენ ბავშვობაში გაქვთ ნასწავლი. თქვენ გაქვთ ნასწავლი რიცხვების სიმრავლე და ამ სიმრავლის გამოყენება - პატარა ლინგვისტური საიდუმლო. თუმცა, ზოგ ენას არ აქვს ეს ხრიკი, რადგან ზოგ ენას არ აქვს სიტყვები კონკრეტული რიცხვებისთვის. არსებობს ენები, რომელთაც არ აქვთ სიტყვა "შვიდი" ან "რვა". მეტსაც გეტყვით, ადამიანები, რომლებიც ამ ენაზე ლაპარაკობენ - არ ითვლიან. ამიტომაც მათ უჭირთ ზუსტი რაოდენობების დამახსოვრება. მაგალითად, მე თუ გთხოვდით პინგვინების ეს რაოდენობა ბატების იმავე რაოდენობასთან დაგეკავშირებინათ, თქვენ ამას თვლის საშუალებით მოახერხებდით, მაგრამ ისინი, ვისთვისაც ეს ლინგვისტური ხერხი უცნობია, ამას ვერ შეძლებდნენ.

ენები განსხვავდება იმის მიხედვითაც, თუ როგორ ყოფენ ისინი ფერთა გამას - ვიზუალურ სამყაროს. ზოგ ენას ფერთა აღმნიშვნელი უამრავი სიტყვა აქვს, ზოგს კი – მხოლოდ რამდენიმე: მუქი და ღია. ენები განსხვავდებიან იმითაც, თუ სად ავლებენ ზღვარს ფერებს შორის. მაგალითად, ინგლისურს აქვს ერთი სიტყვა ლურჯი (blue), რომელიც აღნიშნავს ყველა იმ ფერს, რომელიც ამ სპექტრშია, მაგრამ, ინგლისურენოვანი ადამიანებისგან განსხვავებით, რუსებს არ აქვთ მხოლოდ ერთი სიტყვა ამ ფერებისთვის. რუსულენოვან ადამიანს უწევს ერთმანეთისგან განასხვაოს ცისფერი (голубой) და ლურჯი (синий), ამიტომაც რუსებს მეტყველებაში ამ ფერების გარჩევის ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ. თუკი ექსპერიმენტით შევამოწმებთ ცდის პირების უნარს, განასხვაონ ერთმანეთისგან ფერები, აღმოვაჩენთ, რომ რუსებს ეს უფრო სწრაფად გამოსდით. მათ უფრო სწრაფად შეუძლიათ ცისფერისა და ლურჯის ერთმანეთისგან გარჩევა. თუკი ცდაში მონაწილე ადამიანების ტვინს დავაკვირდებით და ფერებს ნელ-ნელა ღიადან მუქისკენ შევცვლით, მათ ტვინში, ვინც ცისფერისთვის და ლურჯისთვის სხვადასხვა სიტყვას იყენებს, გაოცებას შევამჩნევთ. ანუ "უი, ახლა რაღაც კატეგორიულად შეიცვალა" მაშინ, როცა, მაგალითად, ინგლისურენოვანი ცდისპირის ტვინი, რომელიც არ მიჯნავს ერთმანეთისგან ამ ფერებს, არ გაოცდება, რადგან მისთვის არაფერი არსებითად არ შეცვლილა.

ენებს უამრავი სტრუქტურული თავისებურება ახასიათებს. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მაგალითია: მრავალ ენას აქვს გრამატიკული სქესი. ყველა არსებით სახელს აქვს სქესი - როგორც წესი, მამრობითი ან მდედრობითი და ეს სქესი იცვლება ენის ცვლასთან ერთად. მაგალითად, "მზე" გერმანული ენისთვის მდედრობითია, მაგრამ მამრობითია ესპანურისთვის, ხოლო "მთვარე" კი პირიქითაა. შეიძლება თუ არა ამას გავლენა ჰქონდეს იმაზე, თუ როგორ აზროვნებს ეს ხალხი? აღიქვამენ თუ არა გერმანელები მზეს, როგორც უფრო ქალურს და მთვარეს, როგორც უფრო მამაკაცურს? აღმოჩნდა, რომ ზუსტად ესეა. მაგალითად, თუკი გერმანელს და ესპანელს, ვთქვათ, აი ასეთი ხიდის დახასიათებას ვთხოვთ (არსებით სახელ ხიდს გერმანულ ენაში მდედრობითი სქესი აქვს, ხოლო ესპანურში – მამრობითი), გერმანელები, ხიდის დახასიათებისას უფრო ხშირად გამოიყენებენ ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა "ლამაზი", “ელეგანტური”, ანუ ფემინურ ზედსართავებს, მაშინ, როცა ესპანელები გამოიყენებენ ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა "ძლიერი" ან "გრძელი" - მოკლედ, მასკულინურად აღწერდნენ.

ენები განსხვავდებიან იმითაც, თუ როგორ აღიქვამენ ისინი სხვადასხვა მოვლენას. მაგალითად, ავიღოთ შემთხვევითობა. ინგლისურად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ "მან ვაზა გატეხა", მაშინ როცა ესპანურად თქვენ იტყოდით რომ "ვაზა გატყდა" ან "ვაზამ საკუთარი თავი გატეხა". თუკი ეს მართლა შემთხვევით მოხდა, მაშინ თქვენ არ იტყოდით, რომ ის ვინმემ [განზრახ] გატეხა. ინგლისურად, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ასეთი წინადადების თქმაც შეგვიძლია “ხელი მოვიტეხე". ბევრ სხვა ენაში თქვენ ამ კონსტრუქციას არ გამოიყენებდით, თუ რა თქმა უნდა, შეგნებულად არ ეცადეთ საკუთარი ხელის მოტეხვას. თუ ეს შემთხვევით მოხდა, მაშინ სხვანაირ კონსტრუქციას გამოიყენებდით, მაგალითად ისეთს, როგორიცაა "ხელი მომტყდა".

ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ენებზე საუბრობენ, სხვადასხვა რამეზე გაამახვილებენ ყურადღებას - იმისდა მიხედვით, თუ რას ითხოვს მათი მშობლიური ენა ყოველდღიურობაში. ვაჩვენოთ ერთი და იგივე მოვლენა ინგლისელსა და ესპანელს. ინგლისელს დაამახსოვრდება, ვინ გატეხა ვაზა, რადგან ენა სთხოვს მას, რომ შემთხვევა ჩამოაყალიბოს როგორც "მან გატეხა ვაზა", მაშინ, როცა ესპანელს უფრო ნაკლებად ემახსოვრება, ვინ ქნა ეს, თუკი ეს მართლა შემთხვევითობა იყო, სამაგიეროდ ემახსოვრება, რომ ეს შემთხვევით მოხდა. ორი ადამიანი ერთსა და იმავე მოვლენას უყურებს, ერთი და იმავე დანაშაულის მოწმეები ხდებიან, მაგრამ საბოლოო ჯამში სხვადასხვა დეტალებს იმახსოვრებენ. ამას, რაღა თქმა უნდა, გავლენა აქვს მოწმეების ჩვენებებზე და გავლენა აქვს დანაშაულზე და სასჯელზე.

დავუშვათ, ინგლისურენოვან ადამიანს ვუჩვენებთ ვიდეოს, სადაც ვიღაც შემთხვევით ვაზას ამსხვრევს. თუკი ამ ვიდეოზე ვეტყვით, რომ "მან ვაზა გატეხა” და არა "მას ვაზა გაუტყდა", მაყურებელი უფრო მეტად იქნება მიდრეკილი ვინმე დასაჯოს და უფრო მეტად დაინახავს ვინმეს ბრალეულობას ამ მოვლენაში.

მე მოგიყვანეთ რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ ცვლის ენა ჩვენი აზროვნებას და როგორ იყენებს ამისთვის სხვადასხვა გზას. როგორც ვნახეთ, ენას დიდი გავლენა აქვს დროსა და სივრცეზე - ადამიანებს სულ სხვადასხვა საკოორდინატო სიბრტყეზე შეუძლიათ დროისა და სივრცის წარმოდგენა. ენას უფრო ღრმა გავლენაც შეიძლება ჰქონდეს, როგორც ეს რიცხვების მაგალითზე ვნახეთ. ენაში თვლის სიტყვების ქონა მათემატიკის სამყაროს გვიხსნის. თუკი ვერ დავითვლიდით, ვერც ალგებრას გამოვიყენებდით, შედეგად, ვერც ოთახებს ავაშენებდით და ვერც იმ მოწყობილობას შევქმნიდით, რომლითაც ამ სტატიას კითხულობთ. თვლის სიტყვების ეს პატარა ხრიკი მთელი კოგნიტური სფეროსთვის ქმნის ქვაკუთხედს.

ენას, ასევე, საკმაოდ ადრეულ პერიოდშიც შეუძლია იქონიოს ჩვენზე გავლენა, რაც ფერების მაგალითმა გვანახა. დღის განმავლობაში ჩვენ ათასობით მარტივ, აღქმისმიერ გადაწყვეტილებას ვიღებთ და, ამის და მიუხედავად, ენა ახერხებს, რომ აქამდეც მიაღწიოს და ჩაერიოს ამ ციცქნა გადაწყვეტილებებში.

ენას შეუძლია ძალიან ფართო გავლენაც იქონიოს ჩვენზე. იქნებ, გრამატიკული სქესის მაგალითი ცოტა სასაცილოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს კრიტერიუმი მიეყენება ყველა არსებით სახელს. ეს ნიშნავს, რომ ენას შეუძლია განსაზღვროს, თუ რას ვფიქრობთ ყველაფერზე, რასაც შეგვიძლია არსებითი სახელი ვუწოდოთ - ეს კიდევ საკმაოდ ბევრია.

და ბოლოს, მე იმის მაგალითიც მოგიყვანეთ, თუ როგორ ახდენს ენა გავლენას უფრო პირადულ საკითხებზე: დანაშაულისა და სასჯელის იდეაზე და თვითმხილველთა ჩვენებებზე - ჩვენი ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

ლინგვისტური მრავალფეროვნების სილამაზე იმაში მდგომარეობს, რომ ის გვიჩვენებს, თუ რამდენად მოქნილი და შემოქმედებითია ადამიანის გონება. მსოფლიოში დაახლოებით 7000 ენაზე საუბრობენ და ჩვენ კიდევ უფრო მეტის შექმნაც შეგვიძლია. ენა, რაღა თქმა უნდა, ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც შეგვიძლია, შევცვალოთ და ჩვენს საჭიროებებს მოვარგოთ. ტრაკიგული ნაწილი ისაა, რომ ყოველდღიურად ჩვენ ვკარგავთ ამ ლინგვისტური მრავალფეროვნების ნაწილს - კვირაში ერთი ენა უჩინარდება და, ზოგი ვარაუდით, შემდეგი საუკუნის განმავლობაში მსოფლიო ენების ნახევარი გაქრება. კიდევ უფრო ცუდი ამბავი ის არის, რომ თითქმის ყველაფერი, რაც ადამიანის გონებასა და ტვინზე ვიცით, დაფუძნებულია, როგორც წესი, ამერიკელი ინგლისურენოვანი მეცნიერების კვლევებზე უნივერსიტეტებში. ეს კრიტერიუმი გამორიცხავს თითქმის ყველა ადამიანს, არა? ესე იგი ყველაფერი, რაც ვიცით ადამიანის გონებაზე, სინამდვილეში უკიდურესად ვიწრო და მიკერძოებულია - მეცნიერებამ მეტი უნდა შეძლოს!

ფიქრის მასალად შემდეგი აზრი მინდა გაგიზიაროთ - მე მოგიყევით, როგორ აყალიბებს ენა სხვადასხვა ადამიანების აზროვნებას, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი არ ეხება იმას, როგორ ფიქრობენ სხვა ადამიანები სადღაც სხვაგან. ეს გეხებათ თქვენ, თქვენს აზროვნებას, თქვენს ენას და ეს გაძლევთ შესაძლებლობას დასვათ კითხვები: "რატომ ვაზროვნებ ისე, როგორც ვაზროვნებ?", "როგორ შემიძლია სხვანაირად ვიაზროვნო" და "როგორ მინდა, რომ ვაზროვნებდე?".