თუ ერთხელ მაინც გინახავთ 1999 წლის კლასიკა Gloomy Sunday, შეუძლებელია უნგრეთის დედაქალაქში ველოსიპედით სეირნობის სურვილი არ გაგჩენოდათ.

და მართლაც, ბუდაპეშტი უკვე უამრავი საოცარი ფილმის მთავარ როლში შეგიძლიათ ნახოთ. თითქმის ყველა მათგანი კი მას ახალი მხრიდან გაგაცნობთ.

"ევროპის ჰოლივუდად" წოდებული ქალაქი იმდენ ცნობილ ფილმშია, რომ შესაძლოა არც იცოდეთ. გადაავლეთ თვალი 10 ფილმში გამოყენებულ ბუდაპეშტის ადგილებს და აუცილებლად გაითვალისწინეთ ისინი, როცა უნგრეთის დედაქალაქის სანახავად გაემგზავრებით.

1. სასტუმრო გელერტი და მისი თერმული აბანოები

ფოტო: Gellért Baths

მდინარე დუნაის სანაპიროზე აშენებული გელერტის სასტუმრო და მისი აბანოები ადგილობრივ და საერთაშორისო ფილმებში ხშირად გხვდება.

დაწესებულება 1918 წელს გაიხსნა. 20-ე საუკუნის დასაწყისში არიქტექტურაში საფუძველი ეყრებოდა ახალ მიმდინარეობას არტ-ნუვო, სწორედ მისი სტილითაა შექმნილი ეს საოცარი შენობაც.

ამ სასტუმროში ცხოვრობდა ელიზაბეტ ტეილორი ქმართან, რიჩარდ ბარტონთან ერთად, რომელმაც იქ გადაიღო 1972 წლის ფილმი Bluebeard.

გელერტში ჩნდება მადონაც, როდესაც 1996 წელს, ორი ოქროს გლობუსის მფლობელ ფილმ Evita-ს იღებდნენ. შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიღეს 2002 წლის ფილმი I Spy, ოუენ უილსონისა და ედი მერფის მონაწილეობით.

2. გრეშემის სასახლე

ფოტო: Four Seasons Hotels and Resorts

არტ-ნუვოს გავლენით აგებული ეს სასტუმრო 1906 წელს აშენდა. ის მდინარე დუნაის და ცნობილ ჯაჭვის ხიდს (ლანცჰიდი) გადაჰყურებს.

179-ნომრიანი სასტუმრო 4 სეზონი გრეშემის სასახლე ბუდაპეშტში მყოფი ცნობილი ადამიანებისა და ფილმების მაგნატების არჩევანი ხშირად ხდება და ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ის უნგრეთის დედაქალაქში დაგეგმილი ფილმების გადაღებისას, დანიშნულების მთავარი წერტილიცაა.

აქ გადაიღეს 2015 წლის კომედია Spy, მელისა მაკკარტის, ჯუდ ლოუსა და ჯეისონ სტეტჰემის მონაწილეობით.

ფილმების მოყვარულებს შეგიძლიათ სასტუმროს ლობიში კოქტეილი წრუპოთ და როლში შესულებმა ცნობილ ჭაღსაც გახედოთ ხოლმე.

3. ბალნას შენობა

ფოტო: Korda Studios

დუნაის სანაპიროს კიდეზე მდებარე ბალნას შენობა თანამედროვე არქიტექტურის ნამდვილი ზეიმია. ადგილობრივებმა მას The Whale (ვეშაპი) შეარქვეს, რადგან ის მართლაც წააგავს ქალაქში შეცურებულ უზარმაზარ ძუძუმწოვარს.

დაწესებულებას უამრავი დანიშნულება აქვს — მაღაზიები, გასართობი და კულტურული ცენტრები. ფილმის გადასაღები მოედნების გარდა, აქ ტურისტებს ეიფელის კოშკისა და ლონდონის კოვენტ-გარდენის მინივერსიების ნახვაც შეუძლიათ.

იცოდით, რომ ეს შენობა რიდლი სკოტის 2015 წლის ფილმში Martian ნასას სათაო ოფისის "როლში" იყო? აქ ასევე გადაიღეს ისეთი ბლოკბასტერები, როგორიცაა Blade Runner 2049, Robyn Hood და Mars 2.

4. ანდრაშის გამზირი და ოქტაგონი

ფოტო: Hungarian National Tourist Office

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის მიერ აღიარებული ანდრაშის გამზირის კონსტრუქცია 1987 წელს დასრულდა. ის ქალაქის ცენტრსა და პარკს აკავშირებს. ეს სამნაწილიანი ქუჩა ის ადგილია, რომელიც ბუდაპეშტში ყოფნისას არ უნდა გამოტოვოთ.

ეს ადგილი ჩანს Evita-ს კრედიტებში. ის გვხვდება 2012 წლის ფილმშიც Bel Ami, რომელშიც რობერტ პატინსონი მონაწილეობს. ამ უკანასკნელში ანდრაშის მოედანი და ოქტაგონის კვეთა მე-19 საუკუნის პარიზს გამოხატავენ.

შანზ-ელიზეს სტილში გადაწყვეტილი ბულვარი სავსეა მაღალი მოდის ბრენდებითა და საყვარელი კაფეებით. თუ ბუდაპეშტისა და ამ საოცარი ავეინუს კარგად დათვალიერება გსურთ, სჯობს, გმირთა მოედნიდან უნგრეთის სახელმწიფო ოპერისკენ გაემართოთ. ამ სტატიაში ნახსენები უამრავი ფილმის გადასაღები წერტილები გზად შეგხვდებათ.

5. წმიდა სტეფანეს ბაზილიკა

ფოტო: Hungarian National Tourist Office

ნეოკლასიკური არქიტექტურის გავლენებით აგებული ტაძრის მშენებლობა 1851 წელს დაიწყო და 1905 წელს დასრულდა. მასზე რამდენიმე სხვადასხვა არქიტექტორი მუშაობდა და ტურისტებისთვის ბუდაპეშტის მთავარ მიმზიდველ წერტილად ითვლება.

უნგრეთის უდიდესი ეკლესია 8 500 მნახველზე მეტს იტევს. მომნუსხველი ინტერიერის ნაწილია ჭერზე არსებული ფერწერული ნახატები.

ტომ ჰენკსის 2016 წლის ბლოკბასტერ Inferno-ში რამდენიმე ქუჩა სწორედ ამ ეკლესიის გარშემოა გადაღებული. წმინდა სტეფანის ბაზილიკის წინაა გადაღებული ევიტას რამდენიმე კადრიც.

6. გოზდუ-უდვარი

ფოტო: Hungarian National Tourist Office

ბარები, რესტორნები, ძველმანების ბაზრობა და მრავალი სხვა წერტილი გოზდვარ-უდვარს ბუდაპეშტში ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქუჩად აქცევს.

ის არნოლდ შვარცნეგერის 1988 წლის ფილმში Red Heat-ში ჩნდება, თუმცა მოსკოვადაა წარმოდგენილი.

ამ ქუჩებში გადაიღეს ტონი სკოტის Spy Game-იც. ჯაშუშებზე გადაღებულ ერთ-ერთ საუკეთესო ფილმში ბრედ პიტი და რობერტ რედფორდი მონაწილეობენ.

გოზდუ უდვარი ხშირად ხდება სატელევიზიო რეკლამებისა და ფოტოსესიების ადგილი.

7. უნგრეთის ნაციონალური ოპერის სახლი

ფოტო: Hungarian National Tourist Office

ანდრაშის გამზირის ერთ-ერთი მშვენება სწორედ უნგრეთის ნაციონალური ოპერის სახლია. აქ შედგა ელტონ ჯონის ბილი ელიოტის მიუზიკლისა და ფიგაროს ქორწინების პრემიერა.

ოპერის სახლში გადაღებულია წითელი ბეღურის დასაწყისი სცენა. 2018 წლის ფილმში ჯენიფერ ლოურენსი მონაწილეობს.

1975 წელს ვუდი ალენმა ფილმის Love and Death-ის გადაღებისას შენობა სანქტ-პეტერბურგის თეატრის ნაცვლად გადაიღო.

უნგრეთის ნაციონალური ოპერის სახლშია გადაღებულია 1998 წლის კლასიკა The Phantom of the Opera. მის მიმდებარე ქუჩებზე გადაიღო სტივენ სპილბერგმა 2005 წლის ფილმიც Munich.

8. უნგრეთის პარლამენტის შენობა და მდინარე დუნაი

ფოტო: Pixabay

ევროპაში სიდიდით მეორე (და ალბათ ყველაზე ლამაზ) პარლამენტის შენობას ყოველწლიურად 600 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

ის მდინარე დუნაის სანაპიროზეა აღმართული. პარლამენტის შენობა ხშირად ხდება ფილმებისა და სერიალების გადასაღები წერტილი.

შენობა ჩნდება ჯეისონ სტეტჰემის მონაწილეობით გადაღებულ ფილმში Transporter 3. ასევე Atomic Blonde-ის დასაწყისში. ამ უკანასკნელში შარლიზ ტერონი მონაწილეობს.

ქალაქის სტუმრებს ღირსშესანიშნაობის ნახვა დუნაიში კრუიზით გასეირნებისას შეუძლიათ, რომელიც სწორედ პარლამენტის შენობასთან ჩერდება.

9. გმირთა მოედანი

ფოტო: Hungarian National Tourist Office

მოედანის კონსტრუქცია 1986 წელს დასრულდა. აქაა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი და უნგრეთის მნიშვნელოვანი ლიდერების ძეგლები.

უნგრელი რომ იყოთ, ალბათ დიდად არ მოგეწონებოდათ ის ფაქტი, რომ შენი ქვეყნის დედაქალაქს სხვა ქვეყნის დედაქალაქად წარმოაჩენენ. 2013 წლის ბლოკბასტერი A Good Day to Die Hard სწორედ აქ გადაიღეს, თუმცა ფილმში ბუდაპეშტი მოსკოვადაა წარმოჩენილი.

თუ ბუდაპეშტიდან სამსახსოვრო ფოტო გსურთ, შეგიძლიათ ის მის ნიშანთან გადაიღოთ და თან ცნობილი მონუმენტიც გამოაჩინოთ.

10. თავისუფლების მოედანი

ფოტო: Hungarian National Tourist Office

ასეა — თავისუფლებისა და გმირთა მოედნის დასახელების ადგილები მხოლოდ თბილისში არაა.

მიუხედავად იმისა, რომ აქ მდებარეობს ამერიკის საელჩოც, თავისუფლების მოედანი წელიწადში რამდენჯერმე გადაიქცევა ხოლმე ფილმის გადასაღებ მოედნად.

აქაა გადაღებული Blade Runner 2049-ის უამრავი კადრი, ასევე ზემოთ ნახსენები Spy და Atomic Blonde.

ტურისტებისთვის ეს ადგილი კონცერტების მოედნებით, პარკებითა და კაფეებითაა მიმზიდველი.

თუ ამ ისტორიებმა ბუდაპეშტში გამგზავრებაზე დაგაფიქრათ, ამ გადაწყვეტილების მიღება სპონტანურადაც შეიძლება. ქუთაისი-ბუდაპეშტის ბილეთების ფასი €27,49-დან იწყება.