ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი მოსახლეობა დაბომბა.

ივანიშვილის თქმით, ეს აგვისტოს ომის შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციაშიც არის აღნიშნული და თანხვედრაში მოდის მისი და სალომე ზურაბიშვილის ინტერპრეტაციებთან ომთან დაკავშირებით. ივანიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთს მრავალსაუკუნოვანი ოცნება აუსრულა.

"როგორ ახერხებს დღეს გუნდი, რომელსაც ჰქვია ნაციონალური მოძრაობა და როგორ ყოფნით მათ ეს ცინიზმი იმ დონეზე რომ ეს საკითხები სხვებს გადააბრალონ და თავისი დანაშაული არ გაიაზრონ. 2008 წელს რაც მოხდა და როგორც მოქმედებდა მაშინდელი მთავრობა ეს იყო ღალატი ქვეყნისა და სამშობლოსი", — განაცხადა ივანიშვილმა.

ქართულმა ოცნებამ ნაციონალური მოძრაობა აქამდეც დაადანაშაულა რუსეთისთვის "ტერიტორიების ჩაბარებაში". ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ისაუბრა.

22 ოქტომბერს, ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ჰააგაში საქართველოს სარჩელის საპასუხოდ რუსეთმა მოამზადა სარჩელი, რომელშიც არგუმენტებად მოყვანილია ციტატები სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან.

სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე

ზურაბიშვილმა ტოქ-შოუ რეაქციაში 2008 წლის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ თავისი მოსახლეობა დაბომბა, რაც ფაქტებითაა დასაბუთებული.

"ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ ამ ქვეყნის მთლიანობა გვინდა? მე მინდა მთლიანობა ამ ქვეყნის და არ მინდა, რომ პრეზიდენტმა დაბომბოს თავისი ტერიტორია და ქალაქები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე რა გავლებას მოახდენს მისი განცხადებები საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა:

"მე ხომ არ ვამბობ, რომ რუსეთმა არ დაგვბომბა? პირობას გაძლევთ, რომ ჩემს წინააღმდეგ და საქართველოს წინააღმდეგ ამას ვერავინ გამოიყენებს, რადგან დიპლომატია კარგად ვიცი და ვიცი, საერთაშორისო დონეზე როგორ უნდა მოვიქცე".

კითხვა, თუ ვინ დაიწყო ომი, საქართველომ თუ რუსეთმა, სალომე ზურაბიშვილს პირველად მაშინ დაუსვეს, როცა მან საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.

"ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ", - თქვა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა საზოგადოების კრიტიკის შემდეგ აგვისტოს ომის დაწყება განსხვავებულად განმარტა. საარჩევნო შტაბის გახსნის დროს სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო.

2016 წელს კი ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის ოკუპანტის სტატუსის მინიჭება საქართველოს ყველამხრივ ბლოკავს.

"ეს ჩვენი შეზღუდვაა, რადგან ქვეყანა, რომელსაც არ შეუძლია, არ აპირებს სამხედრო გზით [მოქმედებას], ვერ ვიტყვით უარს დიპლომატიურ გზაზე. რომ ეს დიპლომატიურ გზა არ არის დათმობის გზა, რომ აქ უნდა იყოს ჯებირები. რომ ამ გზაზე არ შეიძლება დადიოდნენ ოპოზიციონერები. ეს დიპლომატიური გზა შიგნით კარგად უნდა იყოს შეთანხმებული, ყველა პარტიის კონსესუსი უნდა იყოს".