როგორც იცით, ქართული ოცნების სიით საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა 310 მ2 ზომის სახლი 37 200 დოლარად აიშენა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მუშებს მინიმალური ანაზღაურებითა და იაფფასიანი მასალით საოცარი შედეგების მიღწევა შეუძლიათ.

წარმოიდგინეთ, რა ზომისა და სირთულის პროექტების განხორციელება შეიძლება, თუ ფინანსები პრობლემა არ იქნება. იხილეთ იმ ნაგებობების ხუთეული, რომელთაც ირაკლი სესიაშვილის მუშები 37 200 დოლარად თავისუფლად ააშენებდნენ:

1. ჰოგვორტსი

ფოტო: Warner Brothers

ყველა პოტერომანს უფიქრია იმაზე, რა კარგი იქნებოდა, ჰოგვორტსი რეალურად რომ არსებობდეს: ქონგურები და ჩუქურთმები, საიდუმლო გასასვლელები და მოძრავი კიბეები - საკმარისი მონდომების შემთხვევაში, ირაკლი სესიაშვილის მუშები ამ პროექტის განხორციელებას უპრობლემოდ შეძლებენ.

რაც შეეხება მტარვალ ტირიფს, რომელიც ჰოგვორტსის ეზოს განუყოფელი ნაწილია, რაკი მუშები ამ საკითხში ვერ სპეციალიზდებიან, შეგვიძლია ხეების ექსპერტს დავეკითხოთ.

2. კედელი Game of Thrones-დან

ფოტო: HBO

რეალურ ზომებში რომ გადმოვიყვანოთ, ყინულის კედელი 213 მეტრი სიმაღლის იქნება. მასალა, თავისთავად იაფი ჯდება და თუ არ ჩავთვლით მოძრავ ლიფტს, ამ კედლის აშენებას ბევრი არაფერი სჭირდება. კარგი იქნება, თუ ორიგინალთან სიზუსტის დაცვის მიზნით, კედელი ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვართან აიგება.

3. ჰოულის მოსიარულე კოშკი

ფოტო: Ghibli

ჰაიაო მიაძაკის მიერ შექმნილი მოსიარულე კოშკის რეალურად გაცოცხლება ანიმეს ფანებს განსაკუთრებით გაახარებთ. ამ შთამბეჭდავი კონსტრუქციის ფართობი 7700 კვ.მ იქნება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ კოშკი მოძრაობს, მიწის თანხა დაიზოგება.

4. შოკოლადის ქარხანა ფილმიდან "ჩარლი და შოკოლადის ქარხანა"

ფოტო: Warner Brothers

ტიმ ბარტონის მიერ გადაღებულ ფილმში შოკოლადის ქარხნის მონახულებას მხოლოდ რამდენიმე იღბლიანი ბავშვი ახერხებს, მისი რეალურად აშენებით კი უამრავ სხვა პატარასაც გავუხარებთ გულს. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ დაუვიწყარი თავგადასავალი მოიწყო: შოკოლადის მდინარე, გემრიელი ბალახი, ახალი ნუგბარის გამოსაცდელი ოთახები და ტკბილეულის ხეები.

აშენების შემდეგ შოკოლადის ქარხნის დირექტორად თავისუფლად შეიძლება დაინიშნოს ხელისუფლებასთან დაახლოებული რომელიმე ბიზნესმენი.

5. სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი

ფოტო: Fox Pictures

სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტის აშენება მასშტაბურ პროექტად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ეფექტის დიდი ნაწილი მაინც შენობის ფერებზე მოდის. მას შემდეგ, რაც ირაკლი სესიაშვილის მუშები შენობას თეთრ კარკასამდე მიიყვანენ, ფასადის ფერების არჩევაში შეგვიძლია კახი კალაძე ჩავრთოთ, რომელიც ამ საკითხის მოსაგვარებლად მიუნხენში ჩაფრინდება.

რომელიმე შენობას ხომ არ დაამატებდით?