ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოების "ზოგადი დუმილი" არის მიზეზი იმისა, რომ ხორავას ქუჩის საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.

სალომე ზურაბიშვილი ხორავას ქუჩის საქმეზე საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი იყო. მისი თქმით, ყველაზე მეტად მან "საზოგადოების პრობლემა განიცადა".

"საზოგადოება, სადაც ტყუილი უფრო ადვილია, ვიდრე სიმართლის თქმა, სადაც ერთმანეთის გადაფარვაა, არაღიარება იმის, რაც უთუოდ უნდა ენახათ ახალგაზრდებს და არა მარტო მათ...", - განაცხადა ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს.

მისივე თქმით, ის, რომ დათო სარალიძის მკვლელი ამ დრომდე უცნობია, ეს გამოძიების დანაკლისია და არა კანონის არაღსრულების. ზურაბიშვილმა პირდაპირ ინტერვიუს დროს განმარტა, თუ რატომ დატოვა საგამოძიებო კომისია და რატომ არ საუბრობს დეტალებზე:

"დეტალებზე ჩემი მხრიდან საუბარი არასწორი იქნება. მე გამოვედი კომისიიდან შუა მსვლელობის დროს. მიმაჩნდა, რომ, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, არ უნდა დავრჩენილიყავი კომისიაში, რადგან მერე, როგორც პრეზიდენტს, სხვა პასუხისმგებლობა მევალება ზოგადად. არ არის სწორი, რომ პრეზიდენტი იყოს მონაწილე საგამოძიებო კომისიის".

ხორავას ქუჩის საქმე

2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე პირველი ექსპერიმენტული სკოლისა და 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შედეგად დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპნენ. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. საქმეზე ორი არასრულწლოვანი გ.ბ. და გ.ჯ. დააკავეს.

31 მაისის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, გ.ბ. დამნაშავედ სცნეს დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. დამნაშავედ სცნეს დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

ამავე განაჩენით, გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ. მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში.

სასამართლოს განაჩენის მიხედვით, დავით სარალიძის მკვლელი უცნობია. ამას ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა.

ამავე თემაზე: