ტელეკომპანია იბერიის წინ იბერიის პირველადი პროფკავშირის ორგანიზაციის წევრები და ყოფილი თანამშრომლები აქციას მართავენ. ისინი ხელფასების ანაზღაურებას ითხოვენ და კომპანიას მოუწოდებენ, რომ დროულად შეასრულონ იურიდიული ვალდებულებები.

როგორც On.ge-ს იბერიის ყოფილმა ჟურნალისტმა, თორნიკე ხურციძემ განუცხადა, მან და ათეულობით მისმა თანამშრომელმა გუშინ, 22 ოქტომბერს აიღეს გათავისუფლების ბრძანებები, თუმცა მათთვის არავის განუმარტავს, აუნაზღაურებს თუ არა კომპანია ხელფასს და კომპენსაციას.

"ჩვენ პასუხები, თუ როდის მოხდებოდა ამ იურიდიული ვალდებულებების შესრულება, ვერ მივიღეთ. მხოლოდ ის გვითხრეს ბოლოს ჩატარებულ თათბირზე, რომ ომეგა ჯგუფი ამუშავდებოდა და სახელმწიფოსთან პრობლემები მოგვარდებოდა და როცა გაჩნდებოდა ანგარიშებზე თანხები, მხოლოდ მაშინ მოხდებოდა ანაზღაურება. თუმცა, ეს არ არის პასუხი მათი მხრიდან", — განაცხადა ხურციძემ.

ხურციძე ასევე აცხადებს, რომ თუ კომპანია კუთვნილ თანხებს არ აუნაზღაურებთ, ისინი კვირის ბოლომდე ყველა სამართლებრივ გზას მიმართავენ.

On.ge იბერიის დირექტორთან, მარიამ ჯაფარიძესთანაც შეეცადა გასაუბრებას, თუ როდის აპირებდა კომპანია იურიდიული ვალდებულებების შესრულებას, თუმცა ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

ფინანსური პრობლემების მიზეზით ტელეკომპანია იბერიამ 16 ოქტომბერს საინფორმაციო პროგრამები შეაჩერა. ტელეკომპანია ხელისუფლების მხრიდან ფინანსურ ზეწოლაზე რამდენიმე თვეა საუბრობს და აცხადებს, რომ მათი მთავარი წყაროს, ომეგა ჯგუფს პრობლემებს უქმნიდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ომეგა ჯგუფის საბიუჯეტო დავალიანება 51 მილიონ ლარს აღემატება.