არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანია კავკასიას ყადაღა დაადო. შემოსავლების სამსახურის ბრძანება ფეისბუქზე ტელეკომპანიის მფლობელმა და დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა გამოაქვეყნა.

მისი თქმით, 22 ოქტომბრის მონაცემებით არხის დავალიანება გათვალისწინებული გრაფიკით 12 540 ლარი იყო. ისვე აღნიშნავს, რომ დღევანდელი მონაცემებით, დავალიანება 8 500 ლარამდეა შემცირებული.

"გრაფიკით დადგენილს ვიხდით ზუსტად. მიმდინარე დაგვიგვიანდა. ხოდა, აი დღეს უკვე გამოსცეს ტელეკომპანიის დაყადაღების ბრძანება. რასაც გულისხმობს შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ. პრაქტიკულად ტელევიზიის პარალიზებას", — წერს ფეისბუქზე ჯანგირაშვილი და აღნიშნავს, საგადასახადო ორგანოს ვალის გადასანაწილებლად მიმართავს.

ფოტო: ნინო ჯანგირაშვილი / Facebook

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ მათმა სისტემამ ტელეკომპანია კავკასიას დავალიანების დაგვიანების გამო ყადაღა ავტომატურად დაადო. უწყების განმარტებით, კომპანიას თავად აცნობეს ყადაღის შესახებ და თანხის გადანაწილებასთან დაკავშირებით შეხვედრაზეც შეთანხმდნენ.