ჩვენი საზოგადოება შშმ პირებს ინფორმაციის ნაკლებობისა თუ სხვადასხვა სტერეოტიპის გამო ძირითადად ისეთ ადამიანებად აღიქვამს, რომლებიც მხოლოდ დახმარების მიმღები ობიექტები შეიძლება იყვნენ და თვითონ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ვერ ჩაერთვებიან. სინამდვილეში კი, შშმ პირებს ხშირ შემთხვევაში დასაქმებისათვის შესაბამისი უნარებიც აქვთ და მოტივაციაც. საკუთარი პროფესიის ქონა და ამაში ანაზღაურების აღება კი საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხია.

განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით 2018 წლის მაისიდან რვათვიან პროექტს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინდივიდუალურ უნარებზე დაფუძნებული პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა" ახორციელებს. პროექტის ფარგლებში 30 შშმ პირის შრომითი და პროფესიული უნარები შეფასდა კვალიფიციური სპეციალისტების მიერ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც საბაზისო განათლების არქონის გამო პროფესიული განათლების სახელმწიფო პროგრამებზე ხელი არ მიუწვდებოდათ, პროექტმა პროფესიის დაუფლების ალტერნატიული შესაძლებლობა მისცა.

ანა ლორთქიფანიძე 28 წლისაა და ის პროექტის მეშვეობით ერთ-ერთ სასტუმროში დასაქმდა. მან სამუშაოზე მიმაგრებული სწავლება გაიარა, რაც სტაჟირებას ჰგავს.

ანა ლორთქიფანიძე, პროექტის ბენეფიციარი

ფოტო: EDEC

"ეს სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ჩემთვის აქამდე სრულიად უცნობ სფეროზე მივიღე ინფორმაცია. გავიარე სამუშაოზე მიმაგრებული სწავლება, რომელიც გულისხმობდა სხვადასხვა პროფესიის ათვისებას და ავითვისე სასტუმროს საქმე. ძალიან საინტერესო პროფესიად მომეჩვენა. უამრავ ნიჭიერ და შრომისუნარიან ადამიანებთან მომიწია შეხება და, რაც მთავარია, პრაქტიკაში ვნახე, როგორია სასტუმროს საქმის დეტალები: როგორც შიგნიდან, ასევე - სტუმრის თვალით. მოვუწოდებ ყველას, ამ პროექტში ჩაერთონ, რადგან ბევრ ისეთ რამეს შეიძენენ, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ. მე პირადად კმაყოფილი ვარ, მაგრამ საბოლოო შედეგისთვის ვისურვებდი, უცხო ენების კუთხით უფრო მეტი აქცენტი გაკეთებულიყო, რადგან ეს ძალიან მჭირდება და ძალიან დამეხმარებოდა მომავალში", - ამბობს ანა.

პროექტის ფარგლებში 14-მა ბიჭმა და 16-მა გოგომ ასევე გაიარა მზარეულის, სტილისტის, მანიკურის, სასტუმრო საქმის სპეციალისტის სასწავლო კურსები. მათ ისწავლეს, როგორ უნდა წარმოაჩინონ საკუთარი თავი დამსაქმებლებთან, როგორ შეადგინონ CV და ასე შემდეგ.

შშმ პირებს, ისევე, როგორც სხვა სამუშაოს მაძიებლებს, ხშირ შემთხვევაში საკუთარი თავის ობიექტურად შეფასების პრობლემა აქვთ. ხშირად ჰგონიათ, რომ უფრო მეტი ან ნაკლები რამ შეუძლიათ, ვიდრე კონკრეტული ვაკანსია მოითხოვს. პროექტის მიზანია, შშმ პირებს დამსაქმებლის მოთხოვნის შესაბამისად განუვითაროს უნარები, რათა ისინი რეალურ სამუშაო ძალად იქცნენ. ხშირ შემთხვევაში შშმ პირები დასაქმების შემდეგ დამსაქმებლების თავდაპირველ სკეპტიციზმს მალევე აქარწყლებენ და სხვა თანამშრომლებს არაფრით ჩამოუვარდებიან.

პროექტის განმავლობაში შემუშავებული მოდელი, რომელის მიხედვითაც შშმ პირების მომზადება დასაქმების ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით ხდება, სახელმწიფო სტრუქტურებს გადაეცა დასანერგად.

არასამთავრობო ორგანიზაცია "განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი" 2008 წელს დაარსდა და მას შემდეგ 40–ზე მეტი პროექტი განახორციელა ბავშვთა დაცვის, სამოქალაქო განათლებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.