რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას 23 ოქტომბერს, საღამოს საავტორო გადაცემა აქვს, რის გამოც ბიძინა ივანიშვილის მიწვევას ვერ მიიღებს. თუმცა გვარამია მზადაა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელთან ინტერვიუზე ეკა კვესიტაძე მივიდეს.

"საარჩევნო რეჟიმში ვართ, ჩვენ ჩვენი გადაცემები გვაქვს დაგეგმილი უკვე, თემა მზად არის და გადაცემა უნდა გავიდეს. ვიღაცას მოუნდა, რომ მისი ინტერვიუ იყოს, ეგრე არ ხდება", — აღნიშნა გვარამიამ On.ge-სთან.

მისივე თქმით, რუსთავი 2-ზე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ პირდაპირ ეთერში არ გავა:

"თუ უნდა პირდაპირი ეთერი ჩემთან და ეკასთან [კვესიტაძესთან] მოვიდეს".

ქართული ოცნების დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუზე მხოლოდ სამი ჟურნალისტი მიიწვია: ირაკლი ჩიხლაძე იმედიდან, გიორგი გაბუნია რუსთავი 2-დან და ინგა გრიგოლია ტვ პირველიდან.

სავარაუდოდ, ინტერვიუს ვერ დაესწრება ინგა გრიგოლიაც. როგორც მან On.ge-ს განუმარტა, ინტერვიუს დღეს მას გადაცემა რეაქცია აქვს და წინასაარჩევნოდ მას ვერ გააუქმებს.