ქართუ ბანკისა და სააქციო საზოგადოება, ქართუ ჯგუფის დირექტორებმა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს სულ, 105 000 ლარი შეწირეს. შეწირულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.

უფრო კონკრეტულად, სალომე ზურაბიშვილს 30 000 ლარი გადაურიცხა ქართუ ბანკისა და სააქციო საზოგადოება, ქართუ ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, ნატო ხაინდრავამ. მანამდე ნატო ხაინდრავა ქართული ოცნების შემწირველი იყო და 2012 წლიდან 2017 წლამდე პარტიისთვის ჯამში 182 000 ლარი აქვს გადარიცხული.

ქართუ ბანკის კომერციულმა დირექტორმა, დავით გალუაშვილმა და ამავე ბანკის ოპერაციების დირექტორმა, ზურაბ გოგუამ სალომე ზურაბიშვილს 25 000 - 25 000 ლარი შეწირეს.

დავით გალუაშვილი და ზურაბ გოგუაც ნატო ხაინდრავას მსგავსად ქართული ოცნების ერთგული შემწირველები არიან. დავით გალუაშვილმა 2012 წლიდან 2017 წლამდე ქართულ ოცნებას 5-ჯერ გადაურიცხა თანხა, ჯამში 587 000 ლარი. ზურაბ გოგუამ კი 2014 წლიდან 2017 წლამდე ქართულ ოცნებას 73 000 ლარი შეწირა.

სალომე ზურაბიშვილს 25 000 ლარი შეწირა ქართუ ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა გოჩა ჩიკვილაძემ. მანამდე გოჩა ჩიკვილაძეც ქართული ოცნების შემწირველი იყო. 2012 წლიდან 2016 წლამდე მან ქართულ ოცნებას თანხა 4-ჯერ შეწირა, ჯამში 91 630 ლარი.

ამავე თემაზე: