წინასაარჩევნო პერიოდში საპრეზიდენტო კანდიდატებმა 49 დისკრიმინაციული განცხადება გაავრცელეს. განცხადებების შინაარსი ძირითადად ქსენოფობიური, ჰომოფობიური და თურქოფობიული იყო. ამის შესახებ კვლევას მედიის განვითარების ფონდი ავრცელებს.

კვლევის თანახმად, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ორ შემთხვევაში ქსენოფობიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების შემთხვევა გამოვლინდა, ერთ შემთხვევაში კი მას ადრე გაჟღერებული ქსენოფობიური კომენტარი გაუხსენეს.

"ერთმა პრეზიდენტმა [მიხეილ სააკაშვილი] ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, რომლის დღეს მისი წარმომადგენელი არის ჩემი ერთ-ერთი ოპონენტი [გრიგოლ ვაშაძე], მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა", — ზურაბიშვილის ეს განცხადება რადიო ნორმა გაავრცელა.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ყველაზე მეტი დისკრიმინაციული განცხადება თავისუფალი საქართველოს კანდიდატს, კახა კუკავას ეკუთვნის, მაგალითად:

"ერთ-ერთი ტერორისტი აღმოაჩინეს ბრიუსელში და ორი დღე ვერ შედიოდნენ იმ უბანში, არაბების უბანში... მაინცდამაინც ასე უნდა გაჩნდეს თბილისში და ბათუმში უბნები, სადაც სუყველა იქნება, ზოგი თურქეთიდან და ზოგი არაბული ქვეყნებიდან, სადაც ჩვენი იურისდიქცია საერთოდ არ გავრცელდება და მერე უნდა დავიშინოთ თავში ხელი?" — განაცხადა კუკავამ კავკასიის ეთერში.

კვლევაში ასევე წერია, რომ კუკავას შემდეგ დისკრიმინაციული განცხადებებით ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი გამოირჩეოდა:

"საქართველოში ეძახიან ყველას, ჩამოყავთ, არ დავასახელებ ქვეყანას მარა, ძირითადად აზიური წარმოშობის ტიპები თავისი ჩადრებითა და ასე შემდეგ… გაიარონ ღამის კლუბებზე აღმაშენებელზე და ბათუმში, საქართველოს აქვს სტატუსი აი, ამ ახლომახლო ქვეყნებში ბარდელის და ნარკოტიკების ქვეყნის და კაზინოსი".

მედიის განვითარების ფონდის ცნობით, სხვა დამოუკიდებელი კანდიდატების დისკრიმინაციული განცხადებების რაოდენობა ასე გამოიყურება:

  • ბესარიონ თედიაშვილი — 7;
  • გიორგი ანდრიაძე — 5;
  • კახაბერ ჭიჭინაძე — 4;
  • გელა ხუციშვილი — 2.

როგორც კვლევაში წერია, საპრეზიდენტო კანდიდატების გარდა სიძულვილის ენის მხრივ, პოლიტიკური პარტია პატრიოტთა ალიანსი ლიდერობს, რომელსაც მოსდევს ქართული დასი, ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მედია საშუალებით ჯამში 117 დისკრიმინაციული განცხადება გავრცელდა.

მედიის განვითარების ფონდის ცნობით, კვლევაში, რომელიც პირველი აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა, დაკვირვების საგანი საარჩევნო სუბიექტებისა და პარტიების მხრიდან გამოხატული სიძულვილის ენა და სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაცია იყო. ასევე, მათ მათ მიმართ გამოხატული სიძულვილის ენა.

"ანგარიშში მხოლოდ ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, ასევე ძალადობის წახალისების შემთხვევებია შესული და არა პოლიტიკური ოპონირების ფარგლებში გაკეთებული შეურაცხმყოფელი კომენტარები", — წერია კვლევაში.