შავი ზღვის უნივერსიტეტის წინააღმდეგ, რომელსაც დავალიანების გამო ერთი წლით სტუდენტების მიღება შეეზღუდა, შემოსავლების სამსახურმა სარჩელი გაიტანა, შესაბამისად, უნივერსიტეტის ქონებაზე დაკისრებული ყადაღა მოიხსნა.

გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურმა მას შემდეგ მიიღო, რაც უნივერსიტეტმა დავალიანება, 735 000 ლარი გადაიხადა. შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განმარტა, დღეის მდგომარეობით, დავის გაგრძელების კანონიერი ინტერესი არ არსებობს.

"თუმცა ეს არ გულისხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად სარჩელზე უარის თქმას", - განაცხადა მან.

IBSU-ს საქმე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება ერთი წლის ვადით შეეზღუდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ 2018 წლის 20 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელს ავტორიზაცია 6 წლით გაუგრძელდა, 2018 წელს სტუდენტები ვერ მიიღეს.

ავტორიზაციის შეჩერების მიზეზად უნივერსიტეტის ფინანსური პრობლემები, კერძოდ საგადასახადო ჯარიმა, 700 ათასი ლარი დასახელდა, რაც უნივერსიტეტმა 26 აგვისტოს გადაიხადა.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ერთი წლით სტუდენტების მიღების შესაძლებლობის აკრძალვას ავტორიზაციის საბჭო ხელახლა განიხილავს. შესაბამისი გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭომ მიიღო.

აღნიშნული გადაწყვეტილებით შავი ზღვის უნივერსიტეტის საჩივარი დაკმაყოფილებულია და ავტორიზაციის საბჭოს წევრებს თავიდან მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება.