გირჩის განცხადებით, კრიმინალურმა პოლიციამ იაგო ხვიჩიას შემდეგ, ვახო მეგრელიშვილიც წაიყვანა. როგორც გაერთიანება ამბობს, ორივე ჩხრეკისთვის გადაიყვანეს.

ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით On.ge პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება.

პოლიტიკური გაერთიანება გირჩი 20 ოქტომბერს მარიხუანის ლეგალიზების აღსანიშნავი ფესტივალის გამართვას გეგმას. დედაენის ბაღში მისული ხალხი, მათ შორის ტურისტებიც მარიხუანის ყიდვასა და მოხმარებას თავისუფლად შეძლებენ.

ამ მომენტისთვის დედა ენის ბაღში პოლიციელები არიან მობილიზებული.

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს პარტია გირჩის წევრები და საპრეზიდენტო კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე გააფრთხილა, რომ კანონდარღვევის შემთხვევაში, ზომებს მათ მიმართაც გაატარებენ.

შსს აცხადებს, რომ თუკი ადგილი ექნება ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია სამართალდამრღვევი ყველა პირის მიმართ გაატარებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

სამინისტრო გირჩის განცხადებებს აფასებს, როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისაკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში.

გირჩის განცხადების საფუძველზე, სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.