თბილსერვის ჯგუფი, ნარჩენების სეპარაციის სტენდზე, ფეისბუქმომხმარებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება და წერს, რომ ადგილი აქვს ვანდალიზმის ფაქტს.

თბილსერვის ჯგუფის ცნობით, სიცრუეა ინფორმაცია, რომ სტენდი სეპარირებისთვის არ არის განკუთვნილი. მათი განმარტებით, ყველა სტენდი დალუქულია და არ არის შესული ექსპლუატაციაში:

"თბილისში, სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე სეპარაციის ურნების ეტაპობრივი განთავსება დაიწყო, პრეზენტაცია კი ნოემბერშია დაგეგმილი".

თბილსერვის ჯგუფი განმარტავს, რომ მეტროსადგურ უნივერსიტეტის მიმდებარედ, იქ სადაც მოქალაქემ ვიდეო გადაიღო, სეპარაციის დალუქული სტენდი თვითნებურად გახსნეს.

თბილსერვის ჯგუფი მიმართავს მოქალაქეებს, ნუ შეუშლიან ხელს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ პროექტებს.

2018 წლის აგვისტოში, ნარჩენების სეპარაციის სისტემის დანერგვისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისის თბილსერვის ჯგუფს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა (CENN) და ნარჩენების მართვის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, განთავსდა სეპარაციის სტენდები 13 ლოკაციაზე, სტენდი შედგება ოთხი ფრაქციისაგან (მინა, ქაღალდი, მეტალი და პლასტიკი).

დღეს, 19 ოქტომბერს, მოქალაქე ეთო გუგავამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ვიდეო სადაც ჩანს, რომ მეტროსადგურ უნივერსიტეტთან დამონტაჟებული სტენდები სრულად არაა აღჭურვილი შიგნიდან და დანაგვიანებულია.