ტელეკომპანია რუსთავი 2 კიდევ ერთ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული მირზა სუბელიანი პარლამენტის დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება და ხელისუფლების მიმართ შურისძიებაზე საუბრობს. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის.

აუდიოჩანაწერებიდან იკვეთება, რომ, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის სხვადასხვა მხრიდან "დარტყმა" შეუძლია, თუმცა სოზარ სუბარისა და ვიქტორ ჯაფარიძის გამო იკავებს თავს.

"დღევანდელი გადმოსახედიდან თუ იმას ვერ ხვდებიან, რა ფასი ვარ მე მაგათთვის, ყველას მო...ნ დედიტ მ...ლი, ვინც მაგას ვერ ხვდება, რასაც მე ვაკეთებ ქვეყნის გამო, რა. აქ ერთი წელი ჩემთვის ჯოჯოხეთია, ბოლომდე მივალ, მე ამას გავუძლებ, ბოლომდე მივალ, სიცოცხლის ფასად, რომ დამიჯდეს, მაგრამ რომ არ შევარჩენ, პირობას რომ დაარღვევენ, ღმერთის წინ გეფიცები. წმინდა გიორგის ხატზე დავიფიცებ, თუ ვინმეს რამე შევარჩინო. მე ის კაცი არ ვარ, წავიდე და ჟურნალისტებთან დავჯდე, მაგრამ თუ შევარჩინო მაგათ ვეღარც ესკორტი და ვერაფერი ვერ უშველის", — ისმის რუსთავი 2-ის ჩანაწერში.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სუბელიანი ციხეში არსებული პირობებით უკმაყოფილოა და ხელისუფლების წარმომადგენლებს პირობის გატეხვაში ადანაშაულებს. სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი აღნიშნავს, რომ ციხეში ყოფნის პირობები მან დაპატიმრებამდე ორი დღით ადრე მაშინდელ მინისტრთან, კახა კახისშვილთან შეათანხმა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელებით დაემუქრა.

"მირზა სუბელიანის აუდიოჩანაწერები"

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა 14 ოქტომბერს ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული, მირზა სუბელიანის სავარაუდო აუდიოჩანაწერები გაავრცელა. აუდიჩანაწერში საუბარია გახმაურებული საქმეების გახსნის ძალადობრივ მეთოდებზე, ხელისუფლების კომპრომატებზე, ხორავას ქუჩის საქმეზე და სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ეპიზოდზე.

აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის, სავარაუდოდ, სუბელიანი ქართული ოცნების დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანთან, გენერალური ინსპექციის ყოფილ თანამშრომელთან, დათო ცუხიშვილთან საუბარია ასახული.

რუსთავი 2-მა "მირზა სუბელიანის ციხეში ჩაწერილი მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი" გუშინ, 17 ოქტომბერსაც გაავრცელა. ამ ჩანაწერის გმირები ისევ სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი და ვიქტორ ჯაფარიძე არიან. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის.