გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, მათ შეამოწმეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებული ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელის საწარმო შპს ნიუ სფეისი.

საწარმო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ საღანძილეში, მდინარე ჩხერიმელას მარცხენა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.

"დათვალიერებით გამოვლინდა, რომ საწარმოს ტერიტორიაზე მოწყობილი არ არის საწარმოო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა და სალექარიდან ამოღებული შლამის ბაქანი" - აცხადებს დეპარტამენტი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თქმით, მისმა თანამშრომლებმა საწარმოში წარმოქმნილი ჩამდინარე წყლის 3 თანაბარი ნიმუში აიღეს მდინარეში ჩაშვების ადგილზე, რომლის ლაბორატორიული დამუშავების შედეგად მიღებული დასკვნით, კომპანიას საწარმოო ობიექტის ფუნქციონირების შედეგად დარღვეული აქვს გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ნორმები და მდინარე ჩხერიმელას შეწონილი ნივთიერებებით აბინძურებს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, ისინი ელოდებიან შპს ნიუს სფეისისგან წარმომადგენლის გამოყოფას, რათა დაიანგარიშონ მდინარის დაბინძურებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი.