ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყანა ფარული აუდიოჩანაწერებიდან უნდა "გამოვიდეს".

"მე დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში ამ ჩანაწერებიდან გამოვიდეთ და გადავიდეთ ცოტა სხვა ჭრილში, რომელიც აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისთვის. მგონი, აქ გამოვხატავ არა ჩემს პირად აზრზე, არამედ საზოგადოების სურვილს", — განაცხადა ზურაბიშვილმა.

17 ოქტომბერს რუსთავი 2-მა, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის მონაწილეობით კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც ჯერ დადასტურებული არ არის.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი სოზარ სუბარსა და კახი კახიშვილს ემუქრება. რუსთავი 2-ის ცნობით, სწორედ სოზარ საუბარია პიროვნება, რომელიც ციხეში სუბელიანს აკონტროლებდა.

"მირზა სუბელიანის ჩანაწერები"

პროკურატურისა და რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული "მირზა სუბელიანის აუდიოჩანაწერები", საგამოძიებო უწყების პოზიციით სხვადასხვა დროსაა ჩაწერილი. რუსთავი 2-მა 11 ოქტომბრის, ხოლო პროკურატურამ 6 ივლისის ჩანაწერი გაასაჯაროვა. ამის მიუხედავად, აუდიოჩანაწერებში თემების ნაწილი მეორდება და ერთმანეთს უპირისპირდება კიდეც.

რუსთავი 2-ის ჩანაწერით, სუბელიანს კომპრომატები აქვს ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ხოლო პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერით, მირზა სუბელიანი აპირებს მოიტყუოს. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

პროკურატურაში ამბობენ, რომ ფარულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ 14 ოქტომბერს, რუსთავი 2-ის მიერ ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია. პროკურატურის ცნობით, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში კანონდარღვევით სულ სამი ჩანაწერი განხორციელდა.

აუდიოჩანაწერების მოსმენის შემდეგ მმართველი პარტია დადგმულ სერიალზე საუბრობდა, ოპოზიცია კი სისტემურ დანაშაულზე. სასჯელაღსრულების სამსახურში დაადასტურეს, რომ 15 ოქტომბერს მირზა სუბელიანმა თვითმკვლელობა სცადა.

გაიგეთ მეტი: მირზა სუბელიანის აუდიოჩანაწერი