რუსთავი 2-მა "მირზა სუბელიანის ციხეში ჩაწერილი მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი" გაავრცელა. ამ ჩანაწერის გმირები ისევ სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი და ვიქტორ ჯაფარიძე არიან. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის.

ახალ აუდიოფაილში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ხორავას საქმის ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს ახსენებს, რომელთა შესახებაც მისივე თქმით, მაკომპრომეტირებელი მასალები აქვს. მათ შორისაა სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახი კახიშვილი. ჩანაწერის მიხედვით, დაკავებამდე სწორედ მისგან მოითხოვდა სუბელიანი პატიმრობის განსაკუთრებულ პირობებს და ფარული მასალებით აშანტაჟებდა.

პირველი ფრაგმენტი

— მირზა სუბელიანი: მირეკავს ნახევარ საათში და გაგიჟებული ვარო...

— ვიქტორ ჯაფარიძე: ...

— მირზა სუბელიანი: არ გაწუხებ, ვიტო.

— მირზა სუბელიანი: მაგას გეუბნები, უყურე, ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული, ძმაო, ესენი არიან ნაცებთან. ეს თემა თუ არ იყოს, შემაფურთხე თვალებში, რასაც ესენი აკეთებენ. ამას ესენი აკეთებენ ხელოვნურად, რომ მე ავფეთქდე, გავგიჟდე, კამერა ჩამოვიღო, ერთი-ორი კონტროლიორი ზემოდან დავაწვინო და მერე თქვან, აი, ხომ ხედავთ რა, მირზამ ვერ გაქაჩაო, ნერვებმა უმტყუნაო. აბა, რისთვის ხდება ეს. თორემ დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრთან კახიშვილთან, მე თვითონ ვიყავი და მივდივარ ძამო, და ვჯდები მეთქი და იმედია, შენი მხრიდან პ..ბა არ იქნება მეთქი, პირში ვუთხარი, თორე შენ რასაც აკეთებდი 2013 წელში ეგ ძალიან კარგად ვიცი-მეთქი, ერთ რამეს შეგახსენებენ-მეთქი, შენ რომ ლალი მოროშკინას მართავდი მეთქი და ერთხელ რომ გავიდა "ზეტში"მეთქი და "კახი, კახი" და რომ ატყდა ერთი ამბავი მეთქი, შენ დაარიგე ლალი მოროშკინა, რომ შენი სახელი კი არა, კახი კალაძის სახელი იყო და ეგ აუდიო ჩანაწერები ტ...ი აქვთ მეთქი. რავი, მე მგონი დრო ხომ არ არის, რაღაც რომ.. მოვახდინო, იმიტომ რომ იქ "ომეგას" აქვს ფარული ჩანაწერები, აქ პეტრეს მიაქ ფარული ჩანაწერები, აქ თურმე შაყულაშვილი გამოვიდა და მე გამომიყვანა, თურმე ჩემი შვილი მოკლესო, ჩათვალეო.

— ვიქტორ ჯაფარიძე: ამიხსენი, დედას გაფიცებ შაყულაშვილმა რატომ ქნა ეს? შეეშინდა ვითომ?

მეორე ფრაგმენტი

— ვიქტორ ჯაფარიძე: დანაშაული

— მირზა სუბელიანი: რა დანაშაული, ჩემო ძმაო, შენ მე შტერი გგონივარ? რომამ, ჩემი და გიოს ძმაკაცი რომაა. ერთად გავიზარდეთ, ვასკას, რაც მოუვიდა, ის რომ არ ყოფილიყო, დაკავების წინა დღეს წაიღო ტელეფონი და გერმანიაშია. ბო...ლი ვიყო, ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩავატარებ და ... მიშას კი არა, მთელ სამმართველოს დავაჭერინებ, ისეთი მიმოწერებია. კარგი რა, ეგ შემეშლებოდა ახლა მე.

— ვიქტორ ჯაფარიძე: შენი და შაყულაშვილი?

— მირზა სუბელიანი: აბა, რა!

— ვიქტორ ჯაფარიძე: ჩანაწერები?

— მირზა სუბელიანი: ყველაფერი ძმაო, იმ დღის მომენტიდან. თხოვნები - აქეთ ამაში დამეხმარე, იმაში დამეხმარე...

— ვიქტორ ჯაფარიძე: მიშათი?

— მირზა სუბელიანი: აბა რა. მიშა რო

— ვიქტორ ჯაფარიძე: მაგის დედა...

— მირზა სუბელიანი: მიშა რომ ლაპარაკობს და ტ..კს ათამაშებს. პირდაპირ მიმოწერებია. მაგაზე ვარ გაგიჟებული. თუ კაცი იმას არ ნახავს.

— ვიქტორ ჯაფარიძე: შოთაძე რომ ამბობდა, სუბელიანის საქმე გაიხსნებაო..

— მირზა სუბელიანი: ბიჭო, ძმაო, არაფერი, ერთი წამი, მაცალე...

მესამე ფრაგმენტი

— დათო ცუხიშვილი: ეს ისე იქცევა, რომ.. გვარამია წერს მაგის გეგმას, ციხეში ზის და კიდევ მირზა, მირზაო საზოგადოებას არ იმასშვება ბიჭო ეს მირზა...

— მირზა სუბელიანი: ეჰ, ეგრე არ არი. ამათ უნდათ, რომ ფიქრობენ, რომ მე ციხეში გავტყდები და იმ თემაზე წავალ, რასაც ეგენი მეუბნებიან. რატო არ წავიდე ... ავიღებდი ორ მილიონს, ჩავიდებდი ჯიბეში და წავიდოდი პარიზში და დავალეწავდი თავ-ყბას ყველას და ღირსებიც იქნებოდნენ დღევანდელი გადმოსახედიდან. მაგრამ დღეს ამას ვერ ვიზამ, კაცური სიტყვა მაქვს ნათქვამი და ხელი მაქვს ჩამორთმეული და ჩემი სიტყვა არ დარღვეულა არასდროს მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და დღეს ამას არ ვიზამ, მაგრამ. მაგრამ რომ გამოვალ გარეთ, დავუჯდები, ძმაო, დაველაპარაკები და ვეტყვი, ძმაო, ამ ყველაფრის მერე ვინ ვარ, კიდევ "იზვოი" ვარ? დამიფიქსირეთ! მტერი ვარ კიდევ თქვენი? რო ვიცოდე რა?... მერე პასუხისმგებელი ვიქნები ჩემს ქმედებებზე. ჩემი გადასაწყვეტია. არავისზე ნაკლები ორატორი არ ვარ, არავისზე ნაკლები ჭკუა არ მაქვს. არავისზე ნაკლები კომპრომატები არ მაქვს. ამას, რასაც მე მაბრალებდნენ მთელი ცხოვრება. ოთხი წლის განმავლობაში და კადრებში მაყურყუტებდნენ, მირზა არ გავწიოთ, ბევრი კომპრომატი აქვსო, ერთი კაცი მითხრან, ვისთანაც დამცდენია რამე.

— დათო ცუხიშვილი: აი, მაგას ვამბობ, წინ ვის დახვედრია?

— მირზა სუბელიანი: ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით, აგერ „ომეგა ჯგუფისა“ და უჩას ჩანაწერების მსგავსად, არავის არაფერი არ დახვედრია. ერთადერთი ფაქტორი, ძმაო, რაც მაკავებდა, ეს სოზარის ფაქტორია, დღეს ეგ ფაქტორიც აღარ არსებობს. არ არსებობს იმ თვალსაზრისით, რომ მე მივალ და ამ კაცს ავუხსნი. ის თვითონ გულგატეხილია, ის ჩემზე მეტს ნერვიულობდა და ვეტყვი, რომ სოზარ, შენ ნუ გეწყინება, ძმაო, ჩვენი გზები გაიყრება. მე რასაც გავაკეთებ, მე ვიცი. დაირღვევა პირობა? მე ვიცი, შევხედავ, ძმაო, გვერდში ვჭირდები? გამიშვით, ვაბშე, მიშას დავბრიდავ. სამი ოთხი თვე მოვამზადებ და .. ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ. რაღაცას გავუკეთებ. ორი ვარიანტია, ან უნდა დავბრიდო, ან უნდა შევეკრა და მაგასთან შეკვრა არ მინდა, ნამდვილად არ მხიბლავს მაგისი წინადადებები მე.

— მირზა სუბელიანი: მე ვლაპარაკობ სისულელეებს? პარლამენტში რას გეუბნებიან, რატო ზისო?

— ვიქტორ ჯაფარიძე: ეცოდები ვიღაცებს.. შვილებს ვფიცავარ."

— მირზა სუბელიანი: არა ვარ მე შესაცოდი.

— ცუხიშვილი: ჰო, ბიჭო, დაინგრა ოჯახი, გაუბედურდა.

"მირზა სუბელიანის ჩანაწერები"

პროკურატურისა და რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული "მირზა სუბელიანის აუდიოჩანაწერები", საგამოძიებო უწყების პოზიციით სხვადასხვა დროსაა ჩაწერილი. რუსთავი 2-მა 11 ოქტომბრის, ხოლო პროკურატურამ 6 ივლისის ჩანაწერი გაასაჯაროვა. ამის მიუხედავად, აუდიოჩანაწერებში თემების ნაწილი მეორდება და ერთმანეთს უპირისპირდება კიდეც.

რუსთავი 2-ის ჩანაწერით, სუბელიანს კომპრომატები აქვს ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ხოლო პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერით, მირზა სუბელიანი აპირებს მოიტყუოს. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

პროკურატურაში ამბობენ, რომ ფარულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ 14 ოქტომბერს, რუსთავი 2-ის მიერ ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია. პროკურატურის ცნობით, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში კანონდარღვევით სულ სამი ჩანაწერი განხორციელდა.

აუდიოჩანაწერების მოსმენის შემდეგ მმართველი პარტია დადგმულ სერიალზე საუბრობდა, ოპოზიცია კი სისტემურ დანაშაულზე. სასჯელაღსრულების სამსახურში დაადასტურეს, რომ 15 ოქტომბერს მირზა სუბელიანმა თვითმკვლელობა სცადა.