კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის აცხადებს, რომ ტელეკომპანია იბერიას საინფორმაციო სამსახურის მუშაობის შეჩერება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყანაში მედიაგარემოს გაუარესების გამომხატველია. ორგანიზაციების ცნობით, ეს აზიანებს საზოგადოებას და არ უზრუნველყოფს ინფორმირებულ არჩევანს.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ცნობით, წევრი ორგანიზაციები აქამდეც მოუწოდებდნენ მთავრობას და დამფუძნებლებს, მათ შორის წარმოქმნილ დავაში არ მომხდარიყო ჟურნალისტთა გამოყენება და იბერიის თანამშრომლების უფლებების შელახვა, რომლებიც წლის განმავლობაში უკვე მესამედ აცხადებენ, რომ არ იციან, შეძლებენ თუ არა მუშაობის გაგრძელებას.

"სამწუხაროდ, მიუხედავად მოთხოვნისა და აუცილებლობისა - ეფექტურად, ოპერატიულად და გამჭვირვალედ წარმართულიყო ტელეკომპანია იბერიას დამფუძნებლებთან დაკავშირებული დავებისა და ჩანაწერების გამოძიება, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, მაინც ვერ მოხერხდა ტელეკომპანიის ფუნქციონირების დაზღვევა შექმნილი და მოსალოდნელი პრობლემებისგან", — ნათქვამია განცხადებაში.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ მხარეებს პატივი სცენ საზოგადოების ინტერესს და დაცული იქნას ჟურნალისტთა უფლებები.

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას დროული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვას", — ნათქვამია განცხადებაში.

ფინანსური პრობლემების მიზეზით ტელეკომპანია იბერიამ საინფორმაციო პროგრამები შეაჩერა. 16 ოქტომბერს ეთერში არ გასულა მთავარი საინფორმაციო გამოშვება და არ გავა პოლიტიკური ტოქ-შოუ თავისუფალი სივრცე.