ცესკოში შესული საჩივრის თანახმად, #58 წყალტუბოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ქრისტინა ქუთათელაძემ ფეისბუქის თავის გვერდზე პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ინფორმაცია გაავრცელა. შესაძლო კანონდარღვევაზე რეაგირებისთვის ცესკოს საჩივრით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა.

აღნიშნული ფაქტი შეისწავლა წყალტუბოს საარჩევნო კომისიამ და ქუთათელაძის ახსნა-განმარტების მიღების შემდეგ საკითხი დარღვევად არ მიიჩნია. საუბნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში (5-10 ოქტომბერი), როცა მას და მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ, მისი ფეისბუქგვერდით მისივე ქმარი სარგებლობდა. ქუთათელაძის მტკიცებით, სააგიტაციო მასალა ქმარმა გააზიარა. ის აღნიშნავს, რომ 10 ოქტომბერს, 21 საათზე აღმოაჩინა გაზიარებული ინფორმაცია და მალევე წაშალა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მეოთხე პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის, აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს საარჩევნო კომისიის წევრს.