პარტიზანული მებაღეობის წარმომადგენელი, ნატა ფერაძე თბილისის მერიასთან უვადო შიმშილობას იწყებს და მოითხოვს, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლებასა და კვალიფიციური კადრების აყვანას, ასევე ქალაქში მიმდინარე ეკოპროცესების მკაცრ იურიდიულ გამოძიებას. ინფორმაციას პარტიზანული მებაღეობა ავრცელებს.

პარტიზანი მებაღეები მოუწოდებენ საზოგადოებას, ვისაც უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია მსგავს თემაზე ან თბილისში არსებულ სავალალო სიტუაციაზე (რომელ ლოკაციასაც არ უნდა ეხებოდეს ეს), მივიდნენ მერიასთან.

დღეს ყაზბეგის გამზირის 24 ნომერში ასწლოვანი ნაძვები გაჩეხეს. ტერიტორიაზე, რომელზეც ადრე სისხლის გადასხმის ინსტიტუტი იყო, ახლა ნგრევა მიმდინარეობს. ადგილზე სამშენებლო კომპანია ორბი ჯგუფი 42 სართულიანი შენობის აშენებას აპირებს.

სულ მოჭრილია 13 წიწვოვანი ხე. ფაქტის გასაპროტესტებლად ადგილზე შეიკრიბნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები და პარტიზანული მებაღეობის წარმომადგენლები.