რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს, მარია ზახაროვას ჰგონია, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება უკრაინელი ხალხისთვის საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება ხალხის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს.

"რისი უფლებაც მისცა უკრაინის ხელისუფლება თავის თავს, ჩვენ მავნე და საშიში გვგონია", — განაცხადა ზახაროვამ.

11 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ კონსტანტინოპოლის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი დაიწყო. სინოდის განცხადების თანახმად, გაუქმდა 1686 წელს სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ნებას რთავდა კიევის სამიტროპოლია საკუთარ დაქვემდებარებაში მოექცია.

უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საპასუხოდ, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ევქარისტული კავშირი სრულად გაწყვიტა.

კიევის პატრიარქმა, ფილარეტმა განაცხადა, რომ ავტოკეფალიის საკითხში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მხარდაჭერის იმედი აქვს. თუმცა, საქართველოს საპატრიარქომ პოზიციის დაფიქსირებას თავის შეკავება არჩია. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მხარის ოფიციალურ და საბოლოო პოზიციას ელოდება.