დღეს ყაზბეგის გამზირის 24 ნომერში ასწლოვანი ნაძვები გაჩეხეს. ტერიტორიაზე, რომელზეც ადრე სისხლის გადასხმის ინსტიტუტი იყო, ახლა ნგრევა მიმდინარეობს.

ადგილზე სამშენებლო კომპანია ორბი ჯგუფი 42 სართულიანი შენობის აშენებას აპირებს.

სულ მოჭრილია 13 წიწვოვანი ხე. ფაქტის გასაპროტესტებლად ადგილზე შეიკრიბნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები და პარტიზანული მებაღეობის წარმომადგენლები.

ფოტო: თამო ლიპარტელიანი / On.ge

როგორც იქ მყოფი თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, გამწვანების სამსახურის უფროსს პასუხისმგებლობა არ ჰყოფნის, თქვას, რომ ეს ხეები ჯანმრთელია და მათ არ შეუმოწმებიათ ხეები ისე გასცეს ნებართვა.

ელისაშვილი ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს, ვინც ნებართვა გასცა და მათთან ერთად თბილისი მერის დავით ნარმანიასიც:

"მილიონი ხე უნდა დაერგო ვითომ, ერთ უსირცხვილო კაცს, რომელიც მერად მუშაობს და რომელიც რეალურად არის ქალაქის მტერი და კიდევ გასცეს საღსალამათი ხეების მოჭრის ნებართვა".

ფოტო: თამო ლიპარტელიანი / On.ge

ადგილზე იმყოფებოდა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი. იგი აცხადებს, რომ მათთან სულ 68 ხეზე შევიდა განაცხადი და 45-ზე დადასტურდა, რომ იყო ხმელი და დაავადებული. მისი განმარტებით, მოკვლევა დაადგენს, თუ ვის დაეკისრება პასუხიმგებლობა:

"არცერთ საღ ხეზე ჭრის ნებართვა არ გაცემულა, მერიას არ მოუჭრია არცერთი ხე".

მოსახლეობის პროტესტს აქვე შეუერთდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბურთალოს მაჟორიტარების კანდიდატი გია როინიშვილი. სხვებთან ერთად ისიც პასუხისმგებლობას მერიას აკისრებს მომხდარს კი ხეების სასაკლაო უწოდა.

ნატა ფერაძე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილის გადაყენების მოთხოვნით შიმშილობას იწყებს.

ფოტო: თამო ლიპარტელიანი / On.ge