"დემოკრატიულობა, ინოვაციურობა და მეწარმეობა - ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლითაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი", – ამ სიტყვებით დაიწყო ცნობილმა ბრიტანელმა ბიზნესმენმა და ფილანტროპმა სტივენ ფეარმა საჯარო ლექცია, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკმა უმასპინძლა. „Fear Group“-ის დამფუძნებელმა საქართველოში ბიზნესისა და მეწარმეობის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრა.

ლექციას ბიზნესის წარმომადგენლები, სტუდენტები და დამწყები მეწარმეები ესწრებოდნენ. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით და პირადი მაგალითების გათვალისწინებით სტუმარმა დამსწრე საზოგადოებას პრაქტიკული რჩევები მისცა, როგორ დავიწყოთ ახალი საქმე და გავაუმჯობესოთ არსებული საქმიანობა. სტივენ ფეარმა ასევე ისაუბრა, როგორ შეუძლია ნებისმიერი ასაკის მეწარმეს, მიაღწიოს წარმატებას და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

სტივენ ფეარი გახლავთ ინგლისელი მეწარმე, ბიზნესმენი, ფილანტროპი და ავტორი, ორმოცდაათწლიანი საერთაშორისო ბიზნესგამოცდილებით. ფეარს ხშირად მოიხსენიებენ როგორც “სატელეფონო ყუთის მილიონერს”. დღესდღეობით ფეარი სათავეში უდგას საკუთარი უძრავი ქონების ბიზნესს და ამასთან ერთად დაინტერესებულია სხვადასხვა ინდუსტრიით, მათ შორის მწვანე ტექნოლოგიებით, სასტუმროებით, საცხოვრებელის კეთილმოწყობითა და წარმოებით.

სტივენ ფეარი არის Fear Group-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. Fear Group არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც თავის ვაჟთან, ლეონ ფეართან ერთად მართავს. Fear Group დაინტერესებულია სტრატეგიული მიწის ფართობის ხელშეწყობით, საერთაშორისო საკუთრების განვითარებითა და ინვესტირებით.