არსებობენ ისეთი მოგზაურები, რომლებიც ახალ ქვეყანაში აღმოჩენების გაკეთებას წიგნის მაღაზიებითა და ბიბლიოთეკებით იწყებენ. წიგნების მოყვარულებისთვის ახალ მაღაზიებში ხეტიალი და თაროებზე შემოლაგებული ყველა წიგნის გადაფურცვლა ისეთივე სასიამოვნო შეიძლება იყოს, როგორც მოდის მოყვარულისთვის - ტანსაცმლის მაღაზიებში ფასდაკლებების დანახვა.

ევროპა ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კონტინენტია და აქ ინტერიერითა და წიგნების რაოდენობით გამორჩეული უამრავი წიგნის მაღაზიაა მიმოფანტული.

1. Daunt Books, ლონდონი

ფოტო: Mariella / via Flickr

ლონდონი დედამიწის ლიტერატურული ცენტრია. ამ ქალაქში უამრავი წიგნის მაღაზიაა, რომელიც ყურადღებას იმსახურებს, თუმცა ჩვენ Daunt Books შევარჩიეთ. ის 1990 წელს გაიხსნა და მას შემდეგ უამრავი ადამიანის საყვარელ ადგილად გადაიქცა. წიგნის მაღაზია პოსტ-ვიქტორიანულ არქიტექტურულ სტილშია აშენებული, დიდი ფანჯრებითა და მუხის თაროებით, რომელსაც კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის ნამუშევრები ამშვენებს. Daunt Books-მა 2010 წელს საკუთარი გამომცემლობაც შექმნა და წიგნების წარმოება დაიწყო.

ამ წიგნების მაღაზიაში სტუმრობას თუ გადაწყვეტთ, გახსოვდეთ - Daunt Books დილის 9 საათზე იხსნება და 20:00 სთ-მდე მუშაობს.

ქუთაისიდან ლონდონში გაფრენის ღირებულება 69.99₾-დან იწყება.

2. Open Door Bookshop, რომი

ფოტო: Mariam Meets World

რომი თავისი ღირშესანიშნაობებით მთელ მსოფლიოშია ცნობილი, თუმცა ამ ქალაქს არანაკლები ურბანული კულტურა აქვს, რომელიც მეტ წილად არქიტექტურის დამსახურებაა. ვიწრო ქუჩებში გაწყობილი წიგნის მაღაზიებიც რომაული კულტურის ნაწილია, მათ შორის კი ყველაზე გამორჩეული Open Door Bookshop-ია, სადაც იშვიათ წიგნებს იპოვით ინგლისურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე.

საითაც არ უნდა გაიხედოთ, ქაოსურად დაწყობილ წიგნებს წააწყდებით, თუმცა კონსულტანტმა ზეპირად იცის, რომელი რომანი რომელ კუთხეში დევს. Open Door Bookshop კარგი ადგილია ფოტოების გადასაღებად, კლასიკური წიგნების მოსაძიებლად და უძველესი გამოცემების საპოვნელად. რომის ამ ულამაზეს წიგნების მაღაზიაში თქვენ შეიძლება საუკუნის წინანდელ გამოცემებსაც წააწყდეთ, რომელთაც სულ რამდენიმე ევროს სანაცვლოდ შეიძენთ.

რომის ბილეთების ფასი Wizzair-ის რეისით 141.99₾-დან იწყება.

3. Shakespeare and Company, პარიზი

ფოტო: Shutterstock

ევროპის ორი დიდებული დედაქალაქის ხსენების შემდეგ, პარიზის ჯერიც დადგა. ამ ქალაქში თუ მოხვდებით და თან წიგნებიც გიყვართ, Shakespeare and Company საუკეთესო არჩევანი იქნება წიგნების შესაძენად. ის პარიზის ცენტრში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან ძალიან ახლოს მდებარეობს და მიგნება არ გაგიჭირდებათ.

Shakespeare and Company ძალიან დიდი და ამავდროულად მომხიბვლელი წიგნის მაღაზიაა, რომელსაც დიდი ისტორია და ტრადიციები აქვს. სწორედ ამიტომ, მაღაზია არამხოლოდ წიგნების გაყიდვაზე, არამედ სხვადასხვა კულტურულ აქტივობებზეა ორიენტირებული. აქ პატარა მინიმალისტური კაფეც არის მოწყობილი, სადაც შეგიძლიათ დასხდეთ, წაიკითხოთ წიგნი და მიირთვათ ყავა და ფრანგული კროასანი.

რაც მთავარია, Shakespeare and Company-ში წიგნების ფართო არჩევანია. თქვენ შეძლებთ იპოვნოთ ნებისმიერი დასახელების და გამომცემლობის წიგნი ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, გერმანულ და ესპანურ ენებზე, თუმცა შედარებით მცირე ტირაჟით შესაძლოა არაბულ, ქართულ და სხვა ენებზე გამოცემულ წიგნებსაც წააწყდეთ.

ქუთაისი-პარიზის ბილეთის ფასი 166.99₾-დან იწყება.

4. Shakespeare and sons, პრაღა

ფოტო: Pinterest

შექსპირის სახელის ნაკვალევს თუ გავყვებით, პრაღაში არაჩვეულებრივ წიგნის მაღაზიას მივადგებით. Shakespeare and Sons შექსპირის დრამატურგიით შთაგონებული მაღაზიაა, რომელიც 2002 წელს გაიხსნა. მისი კონცეფცია მარტივია - ყველაფერი, რაც ლიტერატურის მოყვარულებს სჭირდებათ. ეს ნიშნავს, რომ აქ მხოლოდ წიგნები არ იყიდება. თქვენ შეხვდებით ლიტერატურული გმირების პატარა სათამაშოებს, პოსტერებს, მოუსმენთ სასიამოვნო მუსიკას და ლიტერატურულ კაფეში ყავის დალევასაც მოახერხებთ.

Shakespeare and Sons-ში წიგნები ძირითადად გერმანულ, ფრანგულ, ჩეხურ და ინგლისურ ენაზეა, თუმცა არჩევანი საკმაოდ დიდია.

პრაღაში გამგზავრება ძვირი არ ჯდება. ქუთაისი-პრაღის ბილეთი 114.99₾-დან შეგიძლიათ შეიძინოთ.

5. Ler Devagar, ლისაბონი

ფოტო: Shutterstock

ლისაბონში არსებობს წიგნის მაღაზია Ler Devagar, რომელიც თავისი ორიგინალური ინტერიერითა და სერვისების მრავალფეროვნებით ერთ-ერთი გამორჩეულია. აქ წიგნების ძალიან ფართო არჩევანია, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. Ler Devagar მხოლოდ გაყიდვებით არ არის დაკავებული. აქ მსურვებელს შეუძლიათ დაესწრონ გამოფენებს, ლიტერატურულ საღამოებს, კონცერტებსა და სხვა ღონისძიებებს. Ler Devagar ქართულად ითარგმნება, როგორც "წაიკითხე ნელა". ასეთი სახელი წიგნის მაღაზიას სწორედ მისი მრავალფეროვანი კონფეცფიის გამო დაერქვა.

Ler Devagar-ში მკითხველებისთვის სპეციალური სამუშაო სივრცეებია გამოყოფილი, სადაც მსურველებს შეუძლიათ დასხდნენ და იმეცადინონ, წიგნი წაიკითხონ ან მეგობრებთან ერთად პროექტები მოამზადონ. გარდა ამისა, მაღაზიაში ორი ბარი ფუნქციონირებს, სადაც სასმელებისა და სასუსნავების შეკვეთაა შესაძლებელი. აქაურობას განსაკუთრებულ იერს ჭერზე ჩამოკიდებული ველოსიპედიანი გოგოს უზარმაზარი ინსტალაცია სძენს, რომელიც თავისუფლებისა და მიზნისკენ სწრაფვის სიმბოლოა.

6. La Feltrinelli, მილანი

მილანი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კულტურული ცენტრია, სადაც ლიტერატურას დიდ პატივს მიაგებენ. შესაბამისად, ამ ქალაქში არაერთი დიდი წიგნის მაღაზიაა, თუმცა ბოლო დროს პოპულარობა La Feltrinelli-მ მოიპოვა, რომელსაც წიგნების ფართო არჩევანი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე. სასიამოვნო და მოწესრიგებული ინტერიერის მიღმა, მაღაზიაში ყველა ჟანრის წიგნს წააწყდებით - დაწყებული დოკუმენტური პროზიდან დამთავრებული პოეტური კრებულებით. თითოეულ ჟანრი ცალკე სექციებით არის გამოყოფილი, რომელიც თავის მხრივ ენობრივი პრიორიტეტების მიხედვით არის დალაგებული.

გარდა წიგნებისა, ამ მაღაზიაში უამრავი სათამაშო და აქსესუარია, რომელიც ლიტერატურის ნებისმიერ მოყვარულს გააბედნიერებს.

მილანში გამგზავრება Wizzair-ის რეისით 114.99 ლარად შეგიძლიათ.

7. Cărturești Carusel, ბუქარესტი

ფოტო: Shutterstock

Cărturești Carusel რუმინეთის დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია და ის მუზეუმს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე სტანდარტულ წიგნის მაღაზიას. შენობა მეოცე საუკუნის დასაწყისში აიგო და ის ბანკის სათავო ოფისს წარმოადგენდა, თუმცა 2015 წელს მისი რეაბილიტაცია დასრულდა და წიგნის მაღაზიად გადაკეთდა. დღეს აქ მსოფლიოს სხვადსხვა ენებზე დაწერილი ათასობით წიგნი იყიდება, რომელიც რამდენიმე სართულზეა განლაგებული.

ყოველწლიურად ამ წიგნის მაღაზიას ასიათასობით ტურისტი სტუმრობს და თუ თქვენც მათ რიგში გსურთ ყოფნა, Wizzair-ის რეისით ბუქარესტში 86.99 ლარად გაფრინდებით.

8. Cook & Book, ბრიუსელი

ფოტო: photographers / PR

ბრიუსელში არსებული წიგნის მაღაზია Cook & Book ინტერიერის მხრივ ნამდვილი შედევრია. აქ თითოეული კუთხე ლიტერატურული ჟანრის მიხედვით არის გაკეთებული და იმდენად შთამბეჭდავია, რომ იქიდან გამოსვლა არ მოგინდებათ. მაღაზია უზარმაზარია და ყველა სექციის დასათვალიერებლად შესაძლოა მთელი დღეც დაგჭირდეთ. მითუმეტეს, რომ აქ ფაქტობრივად ყველა ჟანრის წიგნებია წარმოდგენილი და თანაც, თითოეული წიგნის რამდენიმე გამოცემა სხვადასხვა ენებზე.

ამავე შენობაში არაერთი კაფე და რესტორანია, რომელიც წიგნის მაღაზიის ინტერიერში სრულად ზის. ასე რომ, შეგიძლიათ შეარჩიოთ წიგნები და შეუკვეთოთ საუკეთესო კერძები, ეს ყველაფერი კი შენობიდან გაუსვლელად.

9. Livraria Lello, პორტო

ფოტო: Shutterstock

შესაძლოა Livraria Lello, რომელიც პორტოში მდებარეობს, ევროპის ყველაზე შთამბეჭდავი წიგნის მაღაზიაც კი იყოს. ის მეცხრამეტე საუკუნეში დააარსა და წელს 112 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ ხნის განმავლობაში მაღაზიას რესტავრაცია პირველად სულ რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა, თუმცა მისი ინტერიერი შენარჩუნებულია. Livraria Lello ნეო-გოთიკურ და არტ-დეკო არქიტექტურულ სტილს აერთიანებს, რაც მას კიდევ უფრო დიდებულს ხდის.

ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების რაოდენობაზე საუბარიც კი ზედმეტია, რადგან აქ ფაქტობრივად ყველა წიგნის პოვნა შეიძლება, რომლის შესახებაც მცირე ინფორმაცია მაინც გაქვთ.

ფოტო: Shutterstock

ბიბლიოთეკაში შესასვლელად 5 ევროს გადახდა მოგიწევთ, თუმცა თუკი წიგნს შეიძენთ, შესვლაში გადახდილი ფული მის ღირებულებას დააკლდება. მიუხედავად იმისა, გიყვართ თუ არა წიგნების კითხვა, პორტოში მოგზაურობისას ეს შენობა აუცილებლად უნდა მოინახულოთ, რადგან მსგავსი სანახობა ხშირად არ შეგხვდებათ.

სხვათა შორის, არსებობს მოსაზრება, რომ ჰარი პოტერის ავტორმა ჯ.კ როულინგმა ჰოგვარტსის დახასიათებისას შთაგონების წყაროდ სწორედ Livraria Lello გამოიყენა.

10. Dussmann, ბერლინი

ფოტო: Dussmann

ბერლინი თანამედროვე ლიტერატურის ნამდვილი მექაა. ყოველდღიურად ათობით პრეზენტაცია, კითხვის სესია თუ ლიტერატურული საღამო ეწყობა. გარდა ამისა, ბერლინში არა ერთი წიგნის მაღაზიაა, თუმცა მათგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია Dussmann. აქ წიგნები 7 300 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი კოლექცია ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვან წიგნს მოიცავს.

ამავე შენობაში მსურველებს შეუძლიათ, აიღონ ნებისმიეირ წიგნი და იქვე ჩამოსხდნენ, დაათვალიერონ, წაიკითხონ და გადაწყვიტონ, სურთ თუ არა მისი შეძენა. მაღაზიის ინტერიერი ღია და ნათელ ფერებშია გადაწტვეტილი, რაც წიგნების შერჩევის პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის.

გარდა წიგნებისა, აქ შეგიძლიათ იყიდოთ ლიტერატურულ სამყაროსთან დაკავშირებული სათამაშოები, წიგნები, ტანსაცმელი და უზარმაზარი პოსტერები.

ბერლინში გამგზავრება Wizzair-ის რეისით 99.99 ლარი დაგიჯდებათ.