სოფელ ლამბალოდან გატაცებულ არასრულწლოვან გოგოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მესამე დღეა ეძებს. როგორც On.ge-ს უწყებაში განუცხადეს 12 ოქტომბერს მოტაცებული გოგო ამ დრომდე ვერ იპოვეს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, 17 წლის გოგო 20 წლის ბიჭმა ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცა. TV პირველთან საუბრისას, სავარაუდო გამტაცებლის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია გატაცების შესახებ და ამ ფაქტს მხარს არ უჭერენ.

გატაცებულის ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ სურთ გოგო სახლში დააბრუნონ რათა მან სწავლა გააგრძელოს. მათი თქმით, სოფელში გავრცელებული ტრადიციების გამო გოგოს სრულფასოვანი განათლების მიღების უფლებას არ წაართმევენ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.