ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CBS News-სთან ინტერვიუში რუსეთთან და ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობასა და საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაზე ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არის ის რბილი პუტინის შეფასების დროს და რატომ არ აკრიტიკებს მას საჯაროდ ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინის მიმართ საკმაოდ ხისტია.

"მე არ ვარ? მე ის ვარ, ვინც უკრაინას იარაღი და ტანკები მისცა. ობამას ეს არ გაუკეთებია. იცით რა გაგზავნა მან? ბალიშები და პლედები. ეს ვარ მე და ის არის პირი, რომელმაც უკრაინის ნაწილი დათმო, რომელიც დღეს რუსეთს აქვს".

ჟურნალისტის კითხვაზე — გჯერათ, თუ არა, რომ რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო გარეული, ტრამპმა ასე უპასუხა:

"დიახ, ისინი ჩაერიენ, ჩემი აზრით, ჩაერია ჩინეთიც".

ტრამპმა დასძინა, რომ ეჭვი აქვს სხვა ქვეყნების ჩარევაზეც, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელს გულისხმობდა.

ჟურნალისტმა, დაზუსტების მიზნით, კიდევ ერთხელ გაუმეორა ტრამპს, მიაჩნდა თუ არა, რომ რუსეთი ჩაერია არჩევნებში. ამ კითხვაზე ტრამპმა კიდევ ერთხელ უპასუხა, რომ ჩაერია ასევე ჩინეთიც. ჟურნალისტმა ჰკითხა პრეზიდენტს, რატომ აფარებდა მუდმივად ხელს რუსეთს. ამაზე პრეზიდენტმა ასეთი პასუხი გასცა: "მე ვთქვი, რუსეთზე, მაგრამ ჩინეთიც ჩაერია".

რუსეთის ჩარევა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში

კონგრესის რამდენიმე კომიტეტი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს უკვე თვეებია იძიებს. აშშ-ის დაზვერვის სამსახურები მიაჩნიათ, რომ ეს პროცესი უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტის მიერ იყო მართული იმ მიზნით, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპს მისი დემოკრატი მეტოქე, ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დაემარცხებინა.

ამასთან, რობერტ მიულერი, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი, სწორედ იმ მოკვლევას ხელმძღვანელობს, რომლის მიზანიც ამ შესაძლო გავლენის გამოაშკარავება და მტკიცებულებების გამოვლენაა. ამასთან, უნდა დადგინდეს სამართლიანი იყო თუ არა პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ჯეიმს კომი, რომელიც მანამდე რუსეთთან დაკავშირებულ გამოძიებას ხელმძღვანელობდა.

მანამდე ტრამპმა არაერთხელ უარყო ნებისმიერი ტიპის კავშირი რუსეთთან, მაგრამ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ფიქრობდა ამ "რუსეთთან დაკავშირებულ საკითხზე" მაშინ, როდესაც კომის გათავისუფლება გადაწყვიტა. კომის გათავისუფლების მომდევნო დღეს მან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ორ რუს მაღალჩინოსანთან დაიტრაბახა, რომ კომი გაათავისუფლა და მას "შეშლილი" უწოდა. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, ტრამპის წინააღმდეგობის მიუხედავად, რობერტ მიუ ლერი დამოუკიდებელი გამოძიების ხელმძღვანელად დასახელდა, რომელმაც სწორედ ამ კითხვებზე უნდა მონახოს პასუხები.

კოლუმბიის ფედერალურმა სასამართლომ რუსული კომპანია ინტერნეტ კვლევების სააგენტო, ე.წ. ტროლების ფაბრიკა, 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა და 13 პირს ბრალი წაუყენა.