ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი სესიაშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილის განცხადება, რომ ის ხელისუფლების პატიმარია, საკუთარი დანაშაულებების გადაფარვის მცდელობაა:

"ბუნებრივია, ის პოლიტიკოსები, რომლებიც თავიანთ პოლიტიკურ მოღვაწეობას აგრძელებენ, მათთვის ერთგვარი ფარია, რომ აპელირება გააკეთონ არა საკუთარ დანაშაულზე, არამედ აპელირებენ მათ პოლიტიკურ მოტივებზე, რითაც ცდილობენ ამ ფორმით თავი აარიდონ დანაშაულებებს, რომლებიც ჩაიდინეს".

საქართველოს ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაპატიმრების შემდეგ პირველი ინტერვიუ რუსთავი 2-ს მისცა.

მისი თქმით, ის არის ხელისუფლების პატიმარი, ხელისუფლებას კი ერთი ადამიანი მართავს.

მერაბიშვილის თქმით, დღევანდელ ქართულ ოცნებაში არიან ედუარდ შევარდნაძისა და ნაციონალური მოძრაობიდან "გადაბარგებულები", რომლებმაც იციან რა "საფრთხის" მატარებელი შეიძლება იყოს მისი გარეთ ყოფნა.

"დღევანდელი ხელისუფლების მიზანი რა არის, რომ ვისგანაც საფრთხეს ხედავენ, ის იყოს გაძევებული ქვეყნიდან და იზოლირებული. ყველაზე დიდი საფრთხე იმ ადამიანებისგან მოდის, ვისაც აქვს დიდი გამოცდილება... მათ მოახერხეს ჩემი სრული იზოლირება. ეს არის სიგნალი სხვებისთვის რომ ვინც ჭკვიანად არ მოიქცევა, ასე მოექცევიან. მაგრამ მე არ ვგრძნობ თავს დეპრესიაში", — განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.