წამება, მოგვარებული საქმეები, კომპრომატები ხელისუფლებაზე — დეტალები "სუბელიანის ჩანაწერებიდან" მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა 14 ოქტომბერს ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული, მირზა სუბელიანის სავარაუდო აუდიოჩანაწერები გაავრცელა. აუდიჩანაწერში საუბარია გახმაურებული საქმეების გახსნის ძალადობრივ მეთოდებზე, ხელისუფლების კომპრომატებზე, ხორავას ქუჩის საქმეზე და სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ეპიზოდზე.

აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის, სავარაუდოდ, სუბელიანი ქართული ოცნების დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანთან, გენერალური ინსპექციის ყოფილ თანამშრომელთან, დათო ცუხიშვილთან საუბარია ასახული.

რა კომპრომატები აქვს სუბელიანს ხელისუფლებაზე?

აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, საქართველოს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ამბობს, რომ აქვს მტკიცებულებები და კომპრომატები ხელისუფლების წინააღმდეგ და თუ მოინდომებს, შეუძლია ქართული ოცნების მმართველობას წერტილი დაუსვას.

"ტერა ბაიტებით გვაქ სასწაულები, ამათ რო არ დაესიზმრებათ, თეთრაძის საქმიდან დაწყებული, ნავთლუღის სპეცოპერაცია... რაზეც ამათმა თანამდებობები დაიჭირეს, ხარძიანის საქმე, ან ვანოს საქმე, ვისი შესრულებულია, ან შენ როგორ გგონია, ამათი თათბირები ესენი რო იჯდნენ და ყ..ე განკარგულებებს გასცემდნენ, იმხელა უტვინო ვიყავი, რო თავი არ დამეზღვია ამათთან?! თავი არ დამეზღვია და ისე მივსულიყავი, ყოველდღე ცვლიდნენ გადაწყვეტილებებს, მე რო რაღაცა მდომებოდა და რაღაცა მინდოდეს ხალხის გამოსვლა, შენ ნახე, არაფერი არ უნდა, ორი ჩანაწერი უნდა და ბ..შვილი ვიყო რუსთაველი გამოვა და "ოცნება" აღარ იქნებით დამიჯერე, პროსტა კაცურად გეუბნები, არ ვარ მე ამის მკადრებელი კაცი და ნუ მაკადრებინებთ", — ისმის რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში.

იგივე პირი ჩანაწერში ამბობს, რომ ამ მტკიცებულებების გასაჯაროების შემთხვევაში შეუძლია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტპატიმრის სტატუსით წავიდეს და თავშესაფარი მოითხოვოს:

"მე პოლიტპატიმარი ვარ, შვეიცარიაში რო წავიდე, სტოკჰოლმში რო ჩავფრინდე, ხო ქვეყანას დედას მო..ყნავ, საქართველოს, სტოკჰოლმამდე რო ჩავაღწიო ხო იმხელა მტკიცებულებებს წავიღებ რო ბო..შვილი ვიყო, ამ საქმეზე გამამტყუნებელს მივიღებ თუ არა პოლიტიკურ თავშესაფარს მაინც მივიღებ, ეჭვი ხო არ გეპარება შენ მაგაში, მე ამას ვერ ვიგებ ძმაო, როდესაც იმ მომენტში შემეძლო ჩვეულებრივი განცხადებები გამეკეთებინა, ახლა დამთავრებული იქნებოდა, ეხლა ჩემი ოჯახი პოლიტიკურად იდევნება, ძმაო".

რომელ გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობდა სუბელიანი?

აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს იმ გახმაურებულ საქმეებზე, რომლის გამოძიებაშიც ხელისუფლებას ეხმარებოდა და თავად "აგვარებდა". მათ შორისაა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობა. სწორედ ამ საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო იხდის სუბელიანი სასჯელს.

გარდა ამისა, სავარაუდოდ, სუბელიანი საუბრობს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოყვანის საქმეზე. ასევე, ნავთლუღის სპეცოპერაციზე, ახალაიას, თეთრაძისა და ციხის ბუნტის საქმეებზე.

როგორ ხსნიდა გახმაურებულ საქმეებს?

აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ გახმაურებული საქმეების გახსნაში ძალადობრივ მეთოდებს იყენებდა. მისი დახმარება მოწმეების ჩვენებების, ძალადობით, კონკრეტულად კი ცემით მოპოვება იყო.

ძალადობით გახსნილ საქმეებს შორის, სავარაუდოდ, სუბელიანი ასახელებს ნავთლუღის სპეცოპერაციის, თეთრაძისა და ციხის ბუნტის საქმეებს. ჩანაწერში იგივე ხმა ყვება, რომ "დავალებების შესრულების" ამსახველი მასალა "დაფაილებული" და შენახული აქვთ. დავალებების მიცემასთან დაკავშირებით იგივე პირი ახსენებს ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის; ყოფილ პროკურორების, ირაკლი შოთაძისა და არჩილ კბილაშვილის გვარებს.

"ქალაქის პროკურორი რო იყო და ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეები რო იყო და ვერ ტეხდნენ, მოგვყავდა და ვცემდით, იმიტო რო ამათ გაეხსნათ, აბა, როგორ იძლეოდნენ ჩვენებებს და, აბა, როგორ გაიხსნა?! თეთრაძის საქმე როგორ გაიხსნა?! ქალაქის პროკურატურა იძიებდა საქმეს და ოპერატიულად უზრუნველყოფას ჩვენ უზრუნველვყოფდით, ჩემი პირადი შემადგენლობით", — ამბობს აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, სუბელიანი.

იგივე პირი ყვება, რომ არ არსებობს საქმე, სადაც ის სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდა იმის მიუხედავად, რომ "კედელთან მიამწყვდიეს".

"არც ერთ ბიჭს ჩვენება არ მიუცია, არც ერთი არ გაბო...ბულა, რა დაუხვდათ წინ, ერთი საქმე მაინც ამოიღონ, სადაც მე მივდივარ სახელმწიფოს წინააღმდეგ, შენ მაინც არ იცი რამდენჯერ კედელთან მიმამწყვდიეს, ისიც იცი რაზბორკები რო იყო და მე და შენ რო ვიჯექით, იქ რო ვიჯექით რაზბორკაზე, იქაც ვთქვი რო სოზარის დავალებაამეთქი, არ გახსოვს? აბა ეხლა მეტი რა გავაკეთო ეს დედა მო...ული მითხარი. რა არი იცი, რომელი ჯობია? ამიტომაა პოლიტიკა კაი, პოლიტიკურად ყველანაირად ხსნი და მუნდირი რო გაქ ვერანაირად ვერ ხსნი გესმის? მაშინ ცრუ ჩვენებაზე კი არ წამიყენონ მუხლი, ადგნენ და წამებაზე წამიყენონ, ბაჩო ახალაიას მოწმეებს რო ვაწამებდით და როგორ მისცეს... ციხის ბუნტის თემა გაიხსენე, მე და გიომ გავხსენით ძმაო, მე და გიომ, ცხონებულმა, გიო შევუშვი ქურდებთან, ქურდები მყავს გაბოზებული მაგის დედას შე..ცი, ქურდებს მივაცემინე ჩვენებები, უპრეცედენტო რაღაცა მოხდა, ვაბშე ისტორიაში რო არ ყოფილა, მარტო ერთი საქმე რად ღირს, მარტო იმ საქმეზე დაუყენეს ბაჩოს განაჩენი", — ისმის აუდიოჩანაწერში.

იგივე პირი საუბრობს ციხის ბუნტის გახსნის ეპიზოდზეც:

"ციხის ბუნტის თემა გაიხსენე, მე და გიომ გავხსენით ძმაო, მე და გიომ, ცხონებულმა, გიო შევუშვი ქურდებთან, ქურდები მყავს გაბოზებული მაგის დედას შე..ცი, ქურდებს მივაცემინე ჩვენებები, უპრეცედენტო რაღაცა მოხდა, ვაბშე ისტორიაში რო არ ყოფილა, მარტო ერთი საქმე რად ღირს, მარტო იმ საქმეზე დაუყენეს ბაჩოს განაჩენი".

რომელ მაღალჩინოსნებს ახსენებს ჩანაწერებში?

P.S.-ის წამყვანის თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლებთან ციხეში გამართული შეხვედრის მიზეზი, თავისი მდგომარეობით უკმაყოფილო მირზა სუბელიანია, რომელიც სთხოვს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას და თან აბარებს, რა უნდა უთხრას დეპუტატმა გახარიას.

"რა უთხარი იცი გახარიას? ერთად რომ ვქეიფობდით, მე ვასაძე და მთელი კამანდა, თურმე შორიდან იცნობდნენ ესენი-თქო? კარგი-თქო მართლა. ამაზე უფრო მეტად არის გაგიჟებულითქო. მესიჯი მიუტანე სწორად, არავის ჩაძირვა და არავის გადაძირვა არ მინდა, თვი დამანებონ, შემეშვან, სიტყვა ნათქვამია, ეგ სიტყვა შეასრულონ და აგერ არის 15-ში და ახალ წლამდე დამიყენონ განაჩენი", — ისმის აუდიოჩანაწერში.

ფარულ ჩანაწერში, სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ახსენებს, თბილისის ყოფილ მთავარ პროკურორს, მიხეილ შაყულაშვილს, რომელმაც მისი თქმით, ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ საპარლამენტო კომისიას სუბელიანისგან განსხვავებული ჩვენება მისცა. ამ შეუსაბამობამ გააჩინა ეჭვი, რომ სუბელიანმა ცრუ ჩვენება მისცა.

რუსთავი 2-ის ცნობით, სუბელიანი ჩანაწერებში შაყულაშვილს საგინებელი სიტყვებით მოიხსენიებს. სავარაუდოდ, სუბელიანი ოთარ ფარცხალაძესაც ახსენებს, რომელიც მისი თქმით, პროკურატურას მართავს. ამავე ფრაგმენტში რ2-ის წამყვანის ცნობით, ნახსენები არიან მთავარი პროკურორები კბილაშვილი და შოთაძე, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, რომლებიც მასთან საქმეების მოსაგვარებლად დადიოდნენ.

"რატო მძირავენ, ძლივს ხალხმა დამივიწყა და ახლა ისევ თავიდან ააყაყანე ეს ჟურნალისტები და თქვან ცრუ ჩვენება მისცაო, ისევ თავიდან, ეს უტვინოები, აი, მაგათი დალაგებული, დარწმუნებული ვარ ძმაო მაგაში არც ირაკლის ხელი არ ურევია და ოთარის [ფარცხალაძე] კიდე... ვალშია ძმაო, ეგრეც ხო არ არი, ძმაო", — ისმის ჩანაწერში.

რუსთავი 2-ის ცნობით, საუბრისას არაერთხელ ახსენებენ კიდევ ერთ პიროვნებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლევან კაკავას. P.S.-ის წამყვანის თქმით, ჩანაწერიდან ჩანს, რომ სწორედ კაკავას დაავალა გიორგი გახარიამ სუბელიანის საქმის ფინანსური მხარის მოგვარება.

"იმან დაავალა, მილიონი თემა აქვს, ძმაო, ის ვიცე-პრემიერია, მინისტრია, ის გეუბნება მე ხო გავალებდი, მარა ქვევით უკვე პ...ჭები ჰყავს, მაგიტომაც გეუბნები მაგის მოადგილეებს კი არ უნდა ელაპარაკო, მაგას უნდა ელაპარაკო", — ისმის რ2-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში.

სავარაუდოდ, სუბელიანი ამბობს, რომ მას ეკა ბესელიასა და უდოს კომისიის ურთიერთობებზეც აქვს ინფორმაცია და ამ თემაზე დაკითხულიც ყოფილა. ჩანაწერში სუბელიანად მოხსენიებული პირი ასევე ახსენებს, ქართული ოცნების დეპუტატს არჩილ თალაკვაძეს, რომლის ძმასაც მისი თქმით, საქმე მოუგვარა.

ჩანაწერების მიხედვით, მირზა სუბელიანი ეუბნება ვიქტორ ჯაფარიძეს, რომ მან ძალიან ცუდ საქმეს მოჰკიდა ხელი, როდესაც ამ მოლაპარაკებებში ჩაერთო. მისი საუბრიდან ირკვევა, რომ თავიდან პროცესში აქტიურად იყო ჩართული სოზარ სუბარიც, რომელიც საქმეს ნელ-ნელა ჩამოცილდა.

"გაიწია სოზარი [სუბატრი], სოზარის ცრემლები მოსდიოდა და გაიწია, ის ჩვენზე მეტად დარდობს, მიხვდა და გაიწია, შენ მაგარ ცუდ საქმეში ჩაერიე დამიჯერე, რა, შენ თუ გგონია მირზა გამოვიდეს და რუსთავი 2-ში დაჯდეს და...", — ისმის ჩანაწერში.

რას ამბობს მისთვის ბრალის წაყენებაზე?

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მირზა სუბელიანს წინასწარ აქვს შეთანხმებული ხელისუფლებასთან, როდის უნდა დადგეს მისი განაჩენი და რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში.

"მე, ვამბობ ეგეთ რაღაცას ძმაო, მომისაჯონ, დავიღალე რა, რო წახვალ უთხარი მომცენ მე ჩემი, არ მინდა არც შეღავათი და არც არაფერი, ხო ვთქვი ერთი წელი და მომისაჯონ და დამანებონ თავი რა. აღარ მინდა არც შეღავათი, ხო ვთქვი ერთი წელი, ვიჯდები ის ერთი წელი, დავიღალე რა, დამანებონ თავი რა", — ამბობს, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ქართული ოცნების დეპუტატთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანთან, გენერალური ინსპექციის ყოფილ თანამშრომელთან, დათო ცუხიშვილთან საუბრისას.

აუდიოჩანაწერის კიდევ ერთი ფრაგმენტში, სავარაუდოდ, სუბელიანი ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით ციხეში ჩაჯდომასთან დაკავშირებითაც საუბრობს.

"ერთ რამეს გეტყვი, მე სხვა რამეს ვდარდობ, მეთქი ნახავს სახელმწიფო, ჩვენს გამო წავიდა და დაჯდა, ჩვენ გადაგვარჩინა და გამოხვალ და მირზა შენ ეს გექნება, მირზა შენ ის გექნება და ამის გამო რას ვიღებ ბოლოს ჩემი დედის ტ...ნას?! იმაში დარწმუნებული ვარ რო, იმას ეტყოდნენ სხვანაირად, მტკიცებულებები გვაქვსო, ბიჭო ოცნებამ მიიღეთ ძმაო, თქვენი გუნდის პატიმარი, თქვენი გუნდის, ამხელა შეცდომა ბო...შვილი ვიყო მიშას არ დაუშვია, შენ ხვდები ეს რამხელა შეცდომაა?! არ მინდა არც დაკლება მინდა, ვიჯდები ეს ერთი წელი მჭირდება, ეს ნეგატიური პოზიცია რო განვდევნო, თორე მე რო ახლა გავიდე გარეთ შეიძლება სასწაულები ჩავიდინო", — ისმის აუდიოჩანაწერში.

რას ყვება ხორავას ქუჩის საქმეზე?

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მირზა სუბელიანი ასევე ყვება, ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიების პროცესში დაშვებული შეცდომების შესახებ. არხის ინფორმაციით, ბოლოს ისიც უთხრეს, რომ “სახელმწიფოს გადასარჩენად“ ციხეში უნდა ჩამჯდარიყო.

აუდიოჩანაწერის ამავე ფრაგმენტში ისმის, რომ ხორავას ქუჩის საქმეში მონაწილე ბავშვები სამართალდამცავებმა სცმეს.

"მეორე შემთხვევას გეტყვი, რისი პაბლაშკა, ბო..შვილი ვიყო, ლამის ბუქნებს მაკეთებინებდნენ, ღამე წაიყვანეს, რაზე მაქ ზაზაზე აკრეფილი, მოიპარეს ბავშვები, მე ირაკლისაც ვუთხარი და მამის თვალწინ ცემეს, უძინართა მზეში ხდება და ერთად ერთი ჩვენ ცხონებულ საქმე, გამოსავალი მითხარიო, იმან რო მითხრა, რავი ძმაო, ამ სიტუაციაში მე გამოსავალს ვერ ვხედავმეთქი, რა, იმიტო, რო სახელმწიფო გადარჩეს ჩაჯექიო, ჩავჯექი ეგრევე".

"[ხორავას ქუჩის საქმეზე] ვისაც ხელი დავაფარე, ისინი, ორივე მაგრად არიან", — ამ ტექსტით საუბრობს, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული.

"ერთიც ფულში მაგრადაა და მეორეც ფულში მაგრადაა. მე რა ჩემი ყ..ე წავიღე, არაფერი არ წამიღია. [მიხეილ] კალანდია, ბავშვზეა ლაპარაკი, მთავარი მოწმეა, მაგას იმიტო კი არ იჭერენ, დიდადაც უნდათ დაიჭირონ, მარა ის ძირი საქმე დაენგრევათ, თორე ჩემი ხათრი სულ არავის არ აქვთ, ჩემი ხათრი რო ქონოდათ, მაგან მე უკვე თავისი წილი შეურაცხყოფა მომაყენა, როდესაც პირველ დღეს მიიყვანეს და ბავშვები სცემეს", — საუბრობს აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, მირზა საუბელიანი.

— ვიქტორ ჯაფარიძე: ძირი საქმე რა დაენგრევა?
— მირზა სუბელიანი: ძირი საქმე მკვლელობის საქმე, ტ..კის თამაშს თავი დაანებონ.
— ამათ იცი რისი ეშინიათ რო, ამის თემა, კაკავას... ამის თემა დახურონ რო მერე სამომავლოდ ვიღაცამ არ ამოქექოს.

რას ამბობს ჩანაწერში მონაწილე დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე?

ქართული ოცნების დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე ადასტურებს, რომ მირზა სუბელიანს საპატიმრო დაწესებულებაში შეხვდა. On.ge-ს კითხვაზე — ადასტურებს თუ არა რუსთავი 2-ის გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობას დეპუტატი პასუხობს:

"ავთენტურობას ექსპრეტიზა დაადასტურებს, მე ვერა. კი, კი ვიყავი ოფიციალურად შესული. პარლამენტის წევრი ვარ, ნებართვა მქონდა და შევედი. იყო ეს საუბარი, მაგრამ ეს მე ჩავთვალე, რომ იყო არასერიოზული საუბარი და რეაგირება არ გამიკეთებია", — აცხადებს დეპუტატი.

როგორ აფასებს ჩანაწერებს ხელისუფლება?

საქართველოს პროკურატურა ციხეში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის საუბრის ჩაწერის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება ორი დღის წინ, 12 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ 14 ოქტომბერს რუსთავი 2-ის მიერ ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია.

გამოძიება პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის საქმეზე მიმდინარეობს. ამ დროდმე უწყებას არაფერი უთქვამს ჩანაწერების შინაარსზე.

ქართული ოცნების დეპუტატს, ირაკლი სესიაშვილს მიაჩნია, რომ რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერი, რომელზეც, სავარაუდოდ, სუბელიანი საუბრობს ფაბრიკაციაა, რომელსაც ტელევიზია წინასაარჩევნოდ ავრცელებს. თუმცა, დეპუტატი აცხადებს, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს.

კითხვაზე, უშვებს თუ არა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას ისეთი გადაცდომები აქვს, რაზეც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ვერ წარმოუდგენია:

"ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ხდებოდა, მაგრამ გამოძიება უნდა ჩატარდეს".

როგორ აფასებს ჩანაწერებს ოპოზიცია?

პარტია ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პროკურატურის რეაქცია არაპირდაპირ ადასტურებს რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობას. კერძოდ, ბაქრაძის თქმით, იმის ნაცვლად, რომ პროკურატურა ჩანაწერების სარწმუნოობას იძიებდეს, გამოძიება იმაზეა დაწყებული, თუ ვინ ჩაწერა საუბარი.

საპრეზიდენტო კანდიდატ დავით უსუფაშვილსაც მიაჩნია, რომ რუსთავი 2-ის აუდიოჩანაწერები ავთენტურია. უსუფაშვილის თქმით, ეს სამხარაულის დასკვნის გარეშეც ცხადია. საპრეზიდენტო კანდიდატი ქართულ ოცნებას იმედების გაცრუებაში ადანაშაულებს.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, აუდიოჩანაწერებმა ცხადყო საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მასშტაბები. მისი თქმით, დადასტურდა რომ სახელმწიფოს მართავს ბანდფორმირებები, სწორედ ამიტომ ისინი საგანგებო მოქმედების რეჟიმზე გადადიან.

ჩანაწერებთან დაკვშირებით, მსგავსი აზრი აქვს ევროპული საქართველოს დეპუტატს, ირაკლი აბესაძეს. როგორც მან აღნიშნა აუდიოჩანაწერებმა ცხადი და ნათელი გახადა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების ნაცვლად ქვეყანას მართავს ორგანიზებული დანაშაულებრივი სტრუქტურა.

რას ფიქრობს სახალხო დამცველი?

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს აფასებს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ხორავას ქუჩაზე მომხდარის და იმ ნაწილის გამოძიება სადაც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი წამებას ახსენებს. ლომჯარიას თქმით, ეს ის შემთხვევაა, რაც ყველა სახელმწიფოს ავალდებულებს, ისე გამოიძიონ საქმე, რომ არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩეს.

"ამ ჩანაწერებიდან რაც ჩანს ალბათ არის ის, რომ პროკურატურაში ნამდვილად არის გარკვეული არაფორმალური გავლენები და ასევე ახსენებს გარკვეულ დაინტერესებებს და ჩართულობას კონკრეტული პირების, კონკრეტული საქმეების საგამოძიებო მოქმედებების გარშემო", — განაცხადა ომბუდსმენმა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოსა და მოლდოვას" — პესკოვი რუსეთის "განვითარებულ ორმხრივ ურთიერთობებზე"
  2. საქართველოში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დიდი ოდენობით თანხას არიცხვინებდნენ — რა საქმე გახსნა პროკურატურამ
  3. DFRLab: ქართულ ტიკტოკზე სტალინს განადიდებენ
  4. რა აჩუქა მამამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და რა მოხდებოდა კეთილსინდისიერების შემოწმების შემთხვევაში
  5. "ქალბატონო სალომე, ნუ დაგვიმახინჯებთ ისტორიას, უპირობოდ უნდა გაათავისუფლოთ სააკაშვილი" — სოფო ჯაფარიძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კოვიდპანდემიამ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეამცირა — ცნობილია, რამდენით

მასშტაბური კვლევის თანახმად, Covid-19-ის პანდემიამ სიცოცხლის საშუალო სავარაუდო ხანგრძლივობა 1.6 წლით შეამცირა.…