ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერები ფაბრიკაციაა, რომელსაც ტელევიზია წინასაარჩევნოდ იყენებს. თუმცა, მისივე თქმით, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება:

"გამოძიება უნდა დაიწყოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. თუმცა, ჩვენ ბოლო პერიოდში ფაბრიკაციის მომსწრეები ვართ და იმ ჩანაწერების ავთენტურობა, რაც რუსთავი 2-მა გაავრცელა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამიტომ პირდაპირი ნდობა ვერ მექნება და დაველოდები გამოძიების დასრულებას. კითხვები ყველას გაგვიჩნდა, რადგან ჩვენი ხელისუფლებისთვის მიუღებელია ის საუბარი, რაზეც ხმა ისმის და ამ კითხვებზე პასუხი უნდა მივიღოთ. ვინაიდან რუსთავი 2-მა შეგვაჩვია ფაბრიკაციებს მე ნდობა ჯერ ვერ მექნება, სანამ გამოძიება არ დასრულდება".

კითხვაზე, უშვებს თუ არა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას ისეთი გადაცდომები აქვს, რაზეც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ვერ წარმოუდგენია:

"ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ხდებოდა, მაგრამ გამოძიება უნდა ჩატარდეს".

"მირზა სუბელიანის ჩანაწერები"

გუშინ, 14 ოქტომბერს რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა ჯერ არაა დადგენილი, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული მირზა სუბელიანის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, ის ჰყვება, რომ ქართული ოცნების უკანონო საქმიანობის დამადასტურებელი უზარმაზარი რაოდენობის მტკიცებულებები აქვს დაარქივებული, კერძოდ, საუბარია ადამიანთა გატაცებასა და წამებაზე. სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი გახმაურებულ საქმეებთან ერთად ხელისუფლების მაღალჩინოსნებზეც საუბრობს, რომელთა შესახებაც, მისივე თქმით, კომპრომატებს ფლობს.

ამ ჩანაწერში, სავარაუდოდ, სუბელიანი ამბობს, რომ გახმაურებული საქმეების გახსნაში საგამოძიებო უწყებებს ეხმარებოდა. დახმარება კი ჩვენებების მოწმეების, ძალადობით, კონკრეტულად კი ცემით მოპოვება იყო. აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, სუბელიანის ქართული ოცნების დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანთან, გენერალური ინსპექციის ყოფილ თანამშრომელთან, დათო ცუხიშვილთან საუბარია ასახული.

საქართველოს პროკურატურამ საუბრის ჩაწერის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ 14 ოქტომბერს, რუსთავი 2-ის მიერ ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია. გამოძიება პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის საქმეზეა დაწყებული.

გაიგეთ მეტი: