შენიშვნა: მასალის თავდაპირველი სათაური იყო "კონტაქტზე არ არის — ოცნებაში არ იციან, სად არის მირზა სუბელიანის ჩანაწერში მონაწილე დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე". გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში On.ge ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრა, რის გამოც მასალის სათაური შეიცვალა.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელიც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის მონაწილეობით გავრცელებული აუდიოჩანაწერის ერთ-ერთი მონაწილე პირია, ვერ უკავშირდებიან. ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურმა On.ge-ს განუცხადა.

On.ge ქართული ოცნების პრესსამსახურს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც მათი დეპუტატის შესაძლო მონაწილეობით აუდიოჩანაწერი გავრცელდა.

14 სექტემბერს რუსთავი 2-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელზე დაყრდნობითაც არხის წამყვანმა თქვა, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული, მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში, გაურიგდა ხელისუფლებას. გარდა ამისა, აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი სერგო თეთრაძის, ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტის და "ვანოს" საქმეების "დალაგებაში" მონაწილეობდა.

ამ ჩანაწერში, სავარაუდოდ, სუბელიანი ამბობს, ჩაწერილი და დაარქივებული აქვს უზარმაზარი რაოდენობის მტკიცებულებები, რომლებიც ქართული ოცნების გუნდის უკანონო საქმიანობაზე მიუთითებს, მათ შორის, საუბარია ადამიანთა გატაცებასა და წამებაზე. აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის, სავარაუდოდ, სუბელიანის ქართული ოცნების დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანთან, გენერალური ინსპექციის ყოფილ თანამშრომელთან, დათო ცუხიშვილთან საუბარია ასახული.

გაიგეთ მეტი: