პარლამენტის თავმჯდომარეზე, ირაკლი კობახიძეზე ხუმრობისა და კრიტიკის შემდეგ დაანონსებული "განახლებული დეკორაციის" ნაცვლად სატირულ-იუმორისტული გადაცემა ვასმედია ტელეკომპანია იმედის ეთერში ძველი სტუდიით გავიდა. "დეკორაციის განახლების" შესახებ დღეს, 14 ოქტომბერს გადაცემაში წამყვანმა, ვასიკო ოდიშვილმაც იხუმრა.

ვასიკო ოდიშვილის ვასმედიის ბოლო გადაცემა ეთერში 30 სექტემბერს გავიდა. ოდიშვილმა სხვა თემებთან ერთად "ირაკლი კობახიძის ტყუილებიც" მიმოიხილა. შემდეგი გადაცემა 7 ოქტომბერს უნდა გასულიყო, თუმცა ტელემაყურებელმა ის ვეღარ იხილა.

მას შემდეგ, რაც გადაცემის შეწყვეტა რამდენიმე მედიასაშუალებამ გააშუქა, ვასმედიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდიდან ცნობილი გახდა, რომ გადაცემა ეთერს 14 ოქტომბერს "განახლებული დეკორაციით" დაუბრუნდებოდა.

მაშინ On.ge-ს ვასმედიის ერთ-ერთმა პროდიუსერმა, გვანცა გორდეზიანმა უთხრა, რომ გადაცემაში ცვლილებების შეტანა სურდათ, რის გამოც გადაცემის ჩაწერაში ხელი შეეშალათ.

"ისეთი აჟიოტაჟი ატყდა მედიაში, ჯერჯერობით ძველი ფორმატით შევალთ ეთერში და ნელ-ნელა მივამატებთ ახალ რუბრიკებსაც", — განაცხადა გორდეზიანმა.