თუ შაბათის შუადღის წამყვანების ვინაობას გაიხსნებთ, თქვენთვის გასაკვირი არ იქნება, რომ შაბათის შუადღის 13 ოქტომბრის გადაცემა ფრანკფურტში ჩაიწერა. წელს ფრანკფურტში საქართველო საპატიო სტუმარია. რამდენიმე დღის განმავლობაში 450-ზე მეტი ლიტერატურული ღონისძიება ჩანიშნული და ამის პარალელურად, საქართველო არა მხოლოდ წიგნებითაა წარმოდგენილი, არამედ სპექტაკლებით, მუსიკალური გამოსვლებითა და გამოფენებითაც.

შაბათის შუადღის წამყვანებმა, ნენე კვინიკაძემ, დათო ტურაშვილმა და ლაშა ბუღაძემ ქართველ მწერლებს, გამომცემლებსა და ორგანიზატორებს ჰკითხეს, პირადად მათთვის რას ნიშნავს წლევანდელი ფრანკფურტის ბაზრობა:

2017 წელს გამოსული რომანის, "დაშლის" ავტორის, დათო გაბუნიას თქმით, ეს არაა მხოლოდ წიგნისა და ლიტერატურის დღეები: "ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ეს არის მართლა უნიკალური შესაძლებლობა - მილიონში ერთი, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი თავი მონიშნოს მსოფლიო რუკაზე: როგორები ვართ, რანაირები ვართ. ამ დღეების განმავლობაში მთელი მრავალფეროვნებით წარმოვდგებით გერმანულენოვანი სამყაროს წინაშე"

"მართალი გითხრათ, მეც არ ველოდი ასეთ დაინტერესებას", - ამბობს დეა მეტრეველი, წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი, - "კონცეფცია, რომლითაც წარვსდექით ამ დიდ პლატფორმაზე არის განსხვავებული იმისგან, რა სტერეოტიპიც არის შექმნილი საქართველოზე: ჩვენ უფრო მეტად ვართ ასოცირებული კულინარიასთან, ან ფოლკლორთან, რაც თავისთავად, მნიშვნელოვანია, რადგან კულტურული მემკვიდრეობაა, თუმცა დღეს, ამ პავილიონში შემოსული ვიზიტორი განსხვავებულ საქართველოს აღმოაჩენს: აქ შენარჩუნებულია ჩვენი ხუროთმოძღვრების დეტალები, თუმცა მორგებულია განსხვავებულ, თანამედროვე დიზაინს და სულ სხვა ემოციას წამოწევს წინა პლანზე. ძალიან თბილი, მყუდრო გარემო შევუქმენით ვიზიტორებს და გვინდა მოვუყვეთ 33 გამორჩეული ასო-ნიშნით 33 განსხვავებული ისტორია ჩვენი ქვეყნის შესახებ".

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი პოეტი, ბესიკ ხარანაული ფრანკფურტში საკუთარ ვიზიტს ასე აფასებს: "ადამიანი სადმე რომ მიდიხარ, ხომ გინდა, რომ მართალი იყო. ჩემი სიმართლე კიდევ იმაშია, რომ აქ მოდიან ვაჟა, ბარათაშვილი - აი, ამ ორზე ვფიქრობდი განსაკუთრებით, ყველას ხომ ვერ გავწვდებოდი. ამ ორის გულშემატკივრობის გამო ვარ აქ. მე წამოვედი იმიტომ, რომ ისინი აქ არიან. პირველად აღმოვჩნდი მათთან ერთად "ჯარში", ქართული წიგნების "ჯარში".

ნახეთ სხვა შეფასებები ვიდეოში: