ადამიანების ერთ ნაწილს (მათ შორის, ამ სტატიის ავტორსაც) ძალიან არ უყვარს ტელეფონზე საუბარი. ყოველი შემომავალი ზარი გულის შეტევის მინი ვერსიას იწვევს და თან, სულ ერთია, დედა რეკავს თუ ბანკი. ეს ადამიანები ვერასდროს მოიგებდნენ სატელევიზიო გათამაშებას. ხომ გინახავთ, წამყვანს რომ 500 000 ლარი აქვს გასათამაშებელი, ამოღებულ ნომერს რომ ვერ უკავშირდება და შემდეგ ადამიანზე გადადის? სავარაუდოდ, მეორე მხარეს მყოფი ადამიანი უბრალოდ იმდენ ხანს უყურებდა ეკრანს, სანამ უცხო ნომრიდან შემომავალი ზარი არ გაითიშა, მერე კი შვებით ამოისუნთქა.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ზოგ ადამიანს ტელეფონზე საუბარი არ უყვარს, გაურკვევლობის შიშია. თუ ექსტროვერტები სიამოვნებით პასუხობენ ზარებს და მეტიც, თვითონაც არიან დარეკვის ინიციატორები, ინტროვერტები ყველა გზას მიმართავენ, რომ ზარი თავიდან აირიდონ. გარდა ამისა, თუ მილენიალი ხართ, ბევრად დიდი შანსია, რომ ტელეფონზე ლაპარაკს მიწერ-მოწერა გერჩივნოთ.

ქვემოთ ჩამოთვლილი სიტუაციების მთელ საშინელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააცნობიერებთ, თუ თქვენც ვერ იტანთ ტელეფონზე ლაპარაკს.

1. როცა საჭმლის გამოძახებისას მისამართი დეტალურად გაწერე, მაგრამ კურიერი მაინც გირეკავს

რისთვის ვიწვალე უკაცრავად?

2. მზად ხარ, ყველაფერი გააკეთო, ოღონდ სადმე დარეკვამ არ მოგიწიოს

იქნებ ამ სალონს იმეილი აქვს, ან საიტი, ან ონლაინ კონსულტაცია ან იქნებ ღირს, სტატუსში დავთაგო?

3. როცა ტელეფონი რეკავს, სანამ ჩატში ხარ გართული და ელოდები, როდის გაითიშება

და როგორც კი ითიშება, თავიდან რეკავს. რა ხდება, ხანძარია?!

4. როცა შენს თავს ემოციურად ამზადებ სადმე დასარეკად და გულში იმეორებ, რა გაქვს სათქმელი

ნუ გეშინია, ყველაფერი მალე დასრულდება

5. როცა ვიღაცის ზარს არ უპასუხე და ახლა საბაბი უნდა მოიფიქრო და მესიჯი მისწერო

ბოდიში, შეხვედრაზე ვიყავი. რა ხდება?

6. და როცა ამ მესიჯის მერე მაინც გირეკავენ

მგონი, ცხადად განიშნე, რომ მიმოწერაზე გადასულიყავით, არა?

7. როცა ფეისბუქზე ვინმე გწერს: ნომერი მომწერე, დაგირეკავ

რომელი წელია, 1998?

8. როცა ნათესავი დაბადების დღეს გილოცავს და თავი უნდა მოაჩვენო, თითქოს გიხარია

მადლობა, თემური ძია, ოჯახის წევრები მომიკითხეთ.

9. როცა სხვა ადამიანთან მაინც გიწევს დარეკვა და ის არ იღებს

მე ჩემი ვალი მოვიხადე

10. როცა თავს აიძულებ, ტელეფონს უპასუხო, რადგან "რა იცი, რა ხდება" და ამ დროს წიგნების შემოსათავაზებლად გირეკავენ

და მერე წიგნებს ყიდულობ, აბა ტყუილად ხომ არ უპასუხე?

თუ ეს სიტუაციები თქვენთვის ნაცნობია, გაგვიზიარეთ, როგორ უმკლავდებით ამ პრობლემას და თუ ნაცნობი არაა - დაფიქრდით, იქნებ ყოველთვის დარეკვა არაა საჭირო და საქმე მიწერითაც მოგვარდება?