მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ სამ მამაკაცს ინტერვალური შიმშილობის შედეგად ინსულინზე დამოკიდებულება მოეხსნა, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ მკურნალობის ასეთი მეთოდი ჯერჯერობით კარგად შესწავლილი არ არის. შიმშილობა დიაბეტით დაავადებულთათვის შესაძლოა სახიფათო და თეორიულად სასიკვდილოც აღმოჩნდეს, ამიტომ მსგავსი მკურნალობის მეთოდის ცდამდე აუცილებელია, რომ კონსულტაცია საკუთარ ექიმთან გაიაროთ. კვლევა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

აღნიშნული მეთოდით სამმა მამაკაცმა სისხლში გლუკოზის დონის დარეგულირების პარალელურად წონაშიც დაიკლო.

"საზოგადოება მე-2 ტიპის დიაბეტის დროს კონცენტრირებას წამლებსა და სხვადასხვა მედიკამენტებზე ახდენს, რეალობა კი ისაა, რომ მე-2 ტიპის დიაბეტი კვების რაციონსა და ცხოვრების სტილზე დამოკიდებული დაავადებაა," - აცხადებს კვლევის ავტორი ჯეისონ ფუნგი, რომელიც ტორონტოში კვების გაძლიერებული მენეჯმენტის პროგრამის დირექტორის პოზიციასაც იკავებს.

ექსპერტების თქმით ბოლო წლებში დაგროვილი ინფორმაცია წინააღმდეგობაში მოდის ფართოდ გავრცელებულ აზრთან, რომ დიაბეტი ქრონიკული, უკურნებელი დაავადებაა.

"ექიმები დიაბეტის განკურნებაზე იშვიათად საუბრობენ - მკურნალობის მიზანი დაავადების განკურნება ხშირად არც არის," აცხადებს ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ერთ-ერთი პროფესორი.

დიაბეტი თირკმლის უკმარისობის, ქვედა კიდურების ამპუტაციისა და სიბრმავის მთავარი გამომწვევი მიზეზია.

კვლევის ფარგლებში პაციენტებმა 24 საათის განმავლობაში, კვირაში რამდენჯერმე იშიმშილეს. ასეთ დღეებში ისინი საკვებს მხოლოდ ერთხელ, საღამოს მიირთმევდნენ, დღის განმავლობაში კი მხოლოდ წყალს, ყავას ან რაიმე ნახარშს სვამდნენ. სამივე პაციენტი მამაკაცი იყო და მათი ასაკი 40-დან 67-წლამდე მერყეობდა. პაციენტებს მე-2 ტიპის დიაბეტის დიაგნოზი 10 ან მეტი წლის წინ ჰქონდათ დასმული.

მე-2 ტიპის დიაბეტი ჭარბწონიანობასთან არის კავშირში. დაავადება წლების განმავლობაში ვითარდება და მისი მთავარი გამომწევი მიზეზი ცხოვრების არაჯანსაღი სტილი და გენეტიკური მიდრეკილებაა.

დაავადების დროს ორგანიზმი ინსულინის მიმართ მგრძნობელობას კარგავს, ინსულინი ჰორმონია, რომელიც სისხლში გლუკოზის დონეს არეგულირებს.

ეს დაავადება განსხვავდება პირველი ტიპის დიაბეტისგან, რომელიც ავტოიმუნური დაავადებაა. ამ ტიპის დიაბეტის დროს პანკრეასი ინსულინის წარმოებას ამცირებს ან სრულად წყვეტს. ასეთი ტიპის დიაბეტის დროს შიმშილობა შეძლება საფრთხის შემცველიც იყოს.

მეცნიერების თქმით ასეთი მიდგომები სამეცნიერო საზოგადოებაში კარგად აღწერილი ჯერ არ არის.

"ცალსახაა, რომ წონაში დაკლების შემდეგ ადამიანის ორგანიზმი სისხლში გლუკოზის დონის რეგულირებას უკეთ ახდენს, რის გამოც დაავადებულებს ინსულინის ხელოვნურად მიღება ზოგჯერ აღარ უწევთ," - აცხადებს ჰარვარდის სამედიცინო სკოლასთან ასოცირებული დიაბეტის კვლევის ცენტრის წარმომადგენელი.

ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ინსულინზე დამოკიდებულება პაციენტებს ძალიან ძვირი უჯდებათ, რადგან ინსულინის მედიკამენტების ფასი მუდმივად იმატებს. თუ პაციენტები ინსულინზე დამოკიდებულნი აღარ იქნებიან, ეს მათ ფინანსურ მდგომარეობაზეც დადებითად აისახება.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ ექსპერიმენტში მიღებული შედეგები დიაბეტის შესახებ ახალი კვლევების წარმოებას წაახალისებს.