აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველი თავდაცვის საკითხებში ჯონ ბოლტონი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა რუსეთსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს.

"20 ოქტომბერს მე გავემგზავრები რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში, რათა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე ამერიკული ინტერესების წარმოსაჩენად ჩემს კოლეგებსა და მაღალი თანამდებობის ოფიციალურ პირებს შევხვდე", - წერს ბოლტონი ტვიტერზე.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ On.ge-ს განუმარტა, ვიზიტის ფარგლებში განიხილება ის მიმართულებები, რომლებიც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებას მოემსახურება. გარდა ამისა, საუბარი ასევე შეეხება ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივის ჭრილში.

On.ge ბოლტონის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციის დაზუსტებას მთავრობის პრესსამსახურისგან ელოდება.