ჩინეთის პირველობის ჩემპიონი, მსოფლიოს 23-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი წლის საუკეთესო ჩოგბურთელის წოდების მისაღებად იბრძვის. საუკეთესო ჩოგბურთელის გამოსავლენად გამოკითხვას ATP World Tour ატარებს.

ATP World Tour Awards გამორჩეულ ჩოგბურთელებსა და ტურნირებს აჯილდოებს. გულშემატკივრებს შეუძლიათ საკუთარ ფავორიტებს მისცენ ხმა (იგულისხმება როგორც ცალკეული ჩოგბურთელები, ასევე წყვილები). 15 ოქტომბერს კი გამოქვეყნდება იმ ნომინანტების სია, რომელთაც თავად ჩოგბურთელები აირჩევენ.

გამოკითხვაში ბასილაშვილს კონკურენციას უწევენ მსოფლიოს საუკეთესო ჩოგნები, მათ შორის როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ გულშემატკივრის ხმა გადამწყვეტია.

ბასილაშვილისთვის ხმის მიცემა ATP World Tour-ის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ. ამისათვის საჭიროა ჩამონათვალში ნიკოლოზ ბასილაშვილის სახელი მოძებნოთ და ხმის მიცემას დააჭიროთ.

China Open-ზე გამარჯვების შემდეგ ნიკოლო ბასილაშვილი შანხაის მასტერზე ასპარეზობს. უკვე გამართული ორი შეხვედრიდან ქართველმა ჩოგბურთელმა ერთი მოიგო, ერთში კი დამარცხდა.