პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ევროსაბჭო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანუ ე.წ. რუხ ზონებზე მონიტორინგის დაშვებას ითხოვს. ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა სტრასბურგში ვიზიტისას განაცხადა. ჩუგოშვილის თქმით, ევროსაბჭოს მონიტორინგს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლაში ხელს რუსეთი უშლის.

მისი თქმით კიდევ ერთხელ შემუშავდება რეკომენდაციები, რომ ევროსაბჭოს ჰქონდეს სრული დაშვება საქართველოს ოკუპირებული რეგიონებზე, რათა გაიგონ, თუ რა მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

"ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დაშვება მოიპოვონ ამ ტერიტორიებზე და გაეცნონ ადგილზე ვითარებას. პოლიტიკურად ეს ძალიან რთულია. რუსეთი მათ არ აძლევს შესაძლებლობას, რომ რეალურად ამ ტერიტორიებზე სრული მონიტორინგი განახორციელონ", — ამბობს ჩუგოშვილი.

მისივე განცხადებით, დღეს, 11 ოქტომბერს გაიმართება სხდომა, სადაც ჩუგოშვილის ვარაუდით, ევროსაბჭო მხარს დაუჭერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის დაშვებას.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ევროსაბჭოს ტერიტორიაზე არის ქვეყნები, სადაც არ ხორციელდება მონიტორინგი და ევროსაბჭო ვერ ახდენს ზედამხედველობას ამ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე. საქართველოს შემთხვევაში, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში. ამ რეგიონებში არც ევროსაბჭოს მომხსენებლებსა და არც ადამიანის უფლებათა კომისარს დაშვება არ აქვთ.