თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

შსს-ს ცნობით, 2017 წლის 24 ივნისს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საფეხბურთო მოედანზე, ანგარიშსწორების მიზნით, მკვლელობაში ბრალდებულმა 1990 წელს დაბადებულ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

უწყების თქმით, სამართალდამცავებმა ბრალდებული მისი ახლობლის ნაქირავებ ბინაში ერისთავის ქუჩაზე დააკავეს, სადაც ჩხრეკისას მაკაროვის სისტემის 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 3 მჭიდი ამოიღეს.